"იმ ერთადერთი ხიდით გადმოვედი, რომელიც დარჩა სოფელში" - რა მდგომარეობაა ჭუბერის ხეობაში? - კვირის პალიტრა

"იმ ერთადერთი ხიდით გადმოვედი, რომელიც დარჩა სოფელში" - რა მდგომარეობაა ჭუბერის ხეობაში?

ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია. ჭუბერის მკვიდრის გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, მოსახლეობა, რომლის სახლებიც დაიტბორა, ევაკუირებულია.

"გუშინ მოსახლეობის დასახმარებლად მდინარის მეორე მხარეს გადავედი, რა დროსაც წყალმა ხიდი წაიღო. საღამოს დავბრუნდი სახლში. იმ ერთადერთი ხიდით გადმოვედი, რომელიც დარჩა სოფელში, დანარჩენი რაც ხიდი იყო აღარ არსებობს. ახლა მუშაობს ტექნიკა, გზებზე ქვიშას აყრიან. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ჭუბერის დასაწყისიდან დასასრულამდე. ახლა შედარებით სტაბილური სიტუაციაა, წუხელ ბევრი არ უწვიმია და ამან გადაგვარჩინა, თუმცა, დღესაც მოღრუბლულია", - განაცხადა გარი ჩხვიმიანმა.

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, საშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია, შესაბამისად, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

"ძირითადი საფრთხე მოხსნილია, მაგრამ არსებობს პატარ-პატარა რისკები იქიდან გამომდინარე, რომ წყლის ნაკადმა მორეცხა ნაპირები და არის საშიშროება, რომ მდინარემ ისევ შეიცვალოს კალაპოტი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი მოქმედი ხიდი არის წაღებული. წყალმა ბოძებიც წაიღო. შესაბამისად, ჭუბერის ნახევარს ელექტროენერგია მიეწოდება, ხოლო წყლის მიღმა დარჩენილ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება", - განაცხადა ვიბლიანმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხვადაგიანის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.

ხვადაგიანის განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, თუმცა მისი ჩართვის აუცილებლობა ამ დროისთვის არ დგას.

რაც შეეხება მოსახლეობის მდგომარეობას, ალექსანდრე ხვადაგიანის ინფორმაციით, სტიქიის გამო 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებმაც თავი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებს შეაფარეს. მისივე განმარტებით, სტიქიის გამო არავინ დაშავებულა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150 მაშველი მონაწილეობს.

"ამ დროისთვის ადგილზე, დაახლოებით, 5 კრიტიკული წერტილია. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ძალები. სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი. სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, იქ ჩვენი მეხანძრე-მაშველები იცავენ მუშა პროცესის უსაფრთხოებას. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი. ხეობაში, სტიქიის ადგილიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში, ხიდზე ჩვენი მაშველები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის დონის მატებას და კლებას. მატების ან კლების შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად გადმოიგზავნება. არსებობს იმის დრო, რომ მოხდეს ტექნიკის უსაფრთო ადგილზე გადაყვანა. რაც შეეხება კონკრეტულად წყლის დონის მომატების მოლოდინს, ამის მოლოდინი არ გავქვს, თუმცა მაინც ვერაფერს გამოვრიცხვთ და შესამამისად, მზად ვართ ყველანაირად. ევაკუირებულმა მოსახლეობამ ღამე ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში გაათენა. ვითარება, რომ ვინმეს საველე პირობებში გაეთენებინა ღამე, არ გვქონია", - განაცხადა ხვადაგიანმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით