"უსუფაშვილს სააკაშვილი, უფრო სწორედ, მისნაირი ქარიზმის მქონე ფიგურა სჭირდება" - კვირის პალიტრა

"უსუფაშვილს სააკაშვილი, უფრო სწორედ, მისნაირი ქარიზმის მქონე ფიგურა სჭირდება"

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის ალიანსის შექმნა და ერთობრვი ძალებით ბრძოლა შესთავაზა.

უსუფაშვილმა პრეზიდენტს ეს ყველაფერი ღია წერილით აცნობა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"თუ მარგველაშვილი თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ან თავად იყოს კანდიდატი პრეზიდენტ მარგველაშვილს ვთავაზობ, საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ", - ასეთია უსუფაშვილის შეთავაზება მარგველაშვილისადმი, თუმცა ჯერჯერობით პრეზიდენტის მხრიდან საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა. (იხილეთ სრულად)

რატომ ღია წერილი და არა კულუარული მოლაპარაკება და რამდენად აქვს შანსი უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემს, საკითხებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- ასეთი ალიანსების შექმნა, როგორც წესი, შიდა მოლპარაკებებით წყდება დადებითად ან უარყოფითად, საინტერესოა რატომ დასჭირდა უსუფაშვილს საჯაროდ ამის გაკეთება? ჩემი აზრით, ამას აქვს ორი მიზეზი, პირველი გახლავთ ის, რომ ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას პრეზიდენტთან პირდაპირ კომუნიკაციაში აქვს გარკვეული პრობლემები და ამიტომ მიმართავს საჯაროდ, ფაქტობრივად, მონოლოგის რეჟიმში. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ შესაძლოა ის სკეპტიკურად უყურებს ასეთი ალიანსის შესაძლებლობას, მაგრამ ისტორიისთვის, ის დებს დოკუმენტს იმის შესახებ, რომ მან იცოდა რა იყოს სწორი გეგმა, მაგრამ არა თავისი მიზეზით, ეს გეგმა არ განხორციელდა.

თეორიულად თუ ვივარაუდებთ, ასეთი ალიანსი შეიძლება შედგეს, სიმართლე გითხრათ, ამ ალიანსში სინერგიას ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილს დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე და თუ ის სახელმწიფო სამსახურში იქნება, ეს ქვეყანას მხოლოდ წაადგება, თუმცა მისი, როგორც საჯარო პოლიტიკოსის შესაძლებლობები, ძალიან შეზღუდულია, ის ყველას მოსწონს, არის ავტორიტეტი, მაგრამ არ არის პოპულარული, ეს ორი კი სხვადასხვა რაღაცაა.

რაც შეეხება მარგველაშვილს, მისი გეგმები ძალიან ბუნდოვანია. რაც ყველაზე პარადოქსულია, გაურკვეველია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მისთვისაც კი. თვითონაც არ იცის რას იზავს ხვალ და ზეგ. ყველამ ვიცით, რომ ის არ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკოსი, პოლიტიკა მისთვის უფრო ტვირთია ვიდრე პრივილეგია და ის ეძებს აქედან გასასვლელ კარებს, რომ გააგრძელოს საზოგადოებრივი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ის ვერ ყალიბდება, თავში საკმაოდ წინააღმდეგობრივი აზრები აქვს და მის ქმედებებში ჩანს კიდეც, ზოგჯერ აგრესიულია, ზოგჯერ შემრიგებლური. მე სკეპტიკურად შევხედავდი თვითონ ამ ალიანსის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და ჩამოყალიბების შემთხვევაშიც ვერ ვხედავ პერსპექტივას.

უსუფაშვილს ტანდემში სჭირდება ქარიზმატული ლიდერი, ადამიანი, რომელიც იქნება პოპულარული და მოახდენს საპროტესტო ელექტორატის კაპიტალიზაციას, მაგრამ ტანდემში მარგველაშვილი ასეთ ქარიზმატულ ლიდერად არ გამოდგება. ეს უნდა იყოს ისეთი ტანდემი, როგორიც იყო თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიასი. ჟვანია იყო ავტორიტეტი და ყველა აღიარებდა, მაგრამ ის არ იყო პოპულარული, ამიტომ დასჭირდა ალიანსი ისეთ ქარიზმატულ ლიდერთან, როგორიც იყო სააკაშვილი და ფაქტობრივად, დღეს უსუფაშვილს სჭირდება სააკაშვილი, თუმცა არა კონკრეტული სააკაშვილი, არამედ მისი ანალოგი პოლიტიკური ქარიზმის მქონე ფიგურა, დღეს, სამწუხაროდ, ასეთი არავინაა. ვისურვებდი, რომ არსებულ ხელისუფლებას უსუფაშვილის რესურსები რაღაც ფორმით გამოეყენებინა.

- რამდენად რეალურია, რომ მათ ალიანსს გიორგი კვირიკაშვილიც შეუერთდეს?

- კვირიკაშვილი პოლიტიკური ფიგურა არ არის. მის ქარიზმაზე ლაპარაკი ძალიან სასაცილოა, ის არის მორიგი საპნის ბუშტი, რომელიც გასკდა და დაამთავრა, რაც არ უნდა ფეხები აბაკუნოს. მისი კარიერის პიკი იყო "ახალ მემარჯვენეებში" მეცამეტე გოჭობა, ხოლო ნულოვანი პარტიის მეცამეტე გოჭობა პოლიტიკურ პერსპექტივაზე არ მიუთითებს, რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში", იქ ის აიღეს და დასვეს.

თავის დროზე ღარიბაშვილსაც მისტიროდნენ, მაგრამ ეს გლოვის პროცესი გაგრძელდა ზუსტად იმდენ დღეს, რამდენი დღეც მიღებულია საქართველოში დაკრძალვებსა და პანაშვიდზე.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)