პრეზიდენტის სიძის განგსტერული თავგადასავლები - ვინ არის მინდია გოგოჭური?
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური 5 ივლისს, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.
მინდია გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ექიმის თქმით პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
"ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიულ და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება", განაცხადა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მას მერე, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებით თან სდევს სიძის, მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას მეუღლის, მინდია გოგოჭურის სკანდალური ამბები.
გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა კრიმინალურ საქმეებში. ambebi.ge-ის მასალაში ვკითხულობთ: "მისი სახელი 2013 წელს მომხდარი დაჭრის ამბავში ფიგურირებდა, დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა".
კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი გამოჩნდა, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.
სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა, თუმცა ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს.
2016 წლის ივლისში გიორგი მარგველაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხდებოდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
შსს განმარტავდა, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.
მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.
გოგოჭური 2017 წლის იანვარშიც დაჭრეს. იმჟამინდელი ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძეს დაზიანება მხარის არეში მიაყენეს, მაშინ შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა და გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს.
იხილეთ ასევე: "პატრულის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მანქანის მფლობელი პირველი ლედის ძმა იყო" - სიძე... ცოლისძმა... პრეზიდენტი...
მოამზადა ანა გიორგაძემ