სოფიას მოლოდინში - ჩამოვა მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე საქართველოში? - კვირის პალიტრა

სოფიას მოლოდინში - ჩამოვა მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე საქართველოში?

გავრცელებული ინფორმაციით 17-19 ივლისს საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა და თბილისში დაგეგმილ "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე სიტყვითაც გამოვა. თუმცა, UNDP საქართველოს ცნობით, რომლის მოწვევითაც იგეგმება სოფიას ქვეყანაში ჩამოსვლა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული და მოლაპარაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს Hanson Robotics-თან. UNDP საქართველოს წარმომადგენლის, სოფი ჭიჭინაძის თქმით, სოფია უკვე შეყვანილია სამიტის პროგრამაში, თუმცა მისი საქართველოში ვიზიტის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ შემდეგ კვირას გახდება ცნობილი.

წინასწარი მონაცემებით, სოფია საქართველოში ერთი დღით ჩამოვა, ექნება შეხვედრები როგორც სამიტის ფარგლებში, ისე მის გარეთ, მათ შორის, სავარაუდოდ, ჟურნალისტებთანაც.

"ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ეს ერთი დღე მაქსიმალურად გამოვიყენოთ რათა სოფიას სტუდენტებთანაც ჰქონდეს შეხვედრა, ჟურნალისტებსაც გასცეს კითხვებზე პასუხი და ა.შ. თუმცა მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, სამიტში მონაწილეობის მიღებაა. გამომდინარე იქედან, რომ წლევანდელი "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტი სახელმწიფო სერვისების განვითარებას ეძღვნება, სოფია როგორც ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი მოგვიყვება იმაზე თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ უწყობს ხელს ახალი ტექნოლოგიები სახელმწიფო სერვისების დახვეწას, განვითარებასა და ეფექტურ გამოყენებას."

სოფია ჰონგ-კონგში არსებული კომპანია Hanson Robotics-ის მიერ შექმნილი სოციალური რობოტია, რომელსაც 50 სხვადასხვა სახის გამომეტყველების მიღება შეუძია. მისი დებიუტი საზოგადოების წინაშე 2016 წელს, ქალაქ ოსტინში, აშშ-ში შედგა.

2017 წელს სოფია პირველი რობოტი გახდა, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო (საუდის არაბეთში). ამავე წელს კი გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) იგი გაეროს "ინოვაციების ჩემპიონად" დაასახელა.

მომაზადა გვანცა კაკაურიძემ