"შეხვედრაზე მისვლის შემთხვევაში აპირებდნენ ჩემს ლიკვიდაციას ან იქ გახარიას ნაცვლად ასაფეთქებელი დამხვდებოდა" - მალხაზ მაჩალიკაშვილი - კვირის პალიტრა

"შეხვედრაზე მისვლის შემთხვევაში აპირებდნენ ჩემს ლიკვიდაციას ან იქ გახარიას ნაცვლად ასაფეთქებელი დამხვდებოდა" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მას კონსპირაციულად შს მინისტრთან შეხვედრას სთავაზობდნენ, სადაც მისი ლიკვიდაცია ან დაკავება უნდა მომხდარიყო. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მას ივნისში დაუკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომელსაც მუჰამედის სახელით იცნობდა და გაგებული ჰქონდა, რომ სირიაში დადიოდა და უთხრა, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიას მასთან შეხვედრა სურდა. მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა კონსპირაციულ ადგილას უნდა შემდგარიყო.

"ტელეფონზე დამიკავშირდნენ უცხო ნომრიდან. იყო ასეთი შემოთავაზება - ბატონ გახარიას უნდა ჩემთან შეხვედრა. მას ჩემთვის ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი, თემირლანის მკვლელობის გარშემო დატრიალებულ ამბავთან და მე უნდა დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებაზე. ვინც დამიკავშირდა, ვიცნობ შორიდან. მას ვეძახით მუჰამედს. ჩემი აზრით, ამ ადამიანს იყენებდნენ, რადგან რაიმე განზრახვა ჩემს წინააღმდეგ მას არ ექნებოდა. მივხვდი, რომ მას სუს-ის წარმომადგენლები იყენებდნენ. როდესაც ვკითხე, რომ საიდან ჰქონდა კავშირები, რომ ჩემი და გახარიას შეხვედრის ორგანიზება მოეხდინა, მითხრა, რომ ყავს ახლო მეგობარი, რომელიც არის გახარიას ძალიან ახლო ნათესავია. ამ შეხვედრაზე მისვლის შემთხვევაში აპირებდნენ ჩემს ლიკვიდაციას ან იქ გახარიას ნაცვლად დამხვდებოდა ასაფეთქებელი და მოხდებოდა ჩემი დაკავება ტერაქტის მომზადების მიზეზით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, "მუჰამედი“ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბესლან ლორსანოვთან ერთად მივიდა, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა.

"მე შევთავაზე ასეთი რამ. მე თქვენთან ერთად არ წამოვალ, თუ ასე შეგტკივათ ჩემზე გული, ამ შემთხვევაში, ამოდით პანკისის ხეობაში, იქ შემახვედრეთ, უარი ვუთხარი და იქ დამთავრდა ყველაფერი. რადგან ჩემი ნათქვამი უაზრო სიტყვა თავის აფეთქების თაობაზე, იფიქრეს ხალხისთვის ეს ამბავი ადვილად დასაჯრებელი იქნებოდა, კონსპირაციულ ადგილას მიყვანის მერე მოხდებოდა მე მგონი, ჩემი ან ლიკვიდაცია, ან დაკავება და ხალხს აჩვენებდნენ - აგერ ერთი ინტერპოლით ძებნილი, ყაჩაღი, მკვლელი, აგერ მეორე სირიაში ნამყოფი ადამიანი და მესამე პირი, რომელიც გვპირდებოდა სუს-ის წინ თავის აფეთქებას. ამ სცენარის გათამაშება უნდოდათ, მე ასეთი დასკვნა გამომაქვს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.