რას ამბობს მაშველი, რომელმაც გარდაცვლილი ამერიკელი ცოლ-ქმარი იპოვა? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მაშველი, რომელმაც გარდაცვლილი ამერიკელი ცოლ-ქმარი იპოვა?

შესაძლოა, ბავშვი ჩავარდა და მის გადასარჩენად გადახტნენ, ანაც...

რაიანი წელიწადზე მეტია მარნეულში საბავშვო მოედნის მოსაწყობად იბრძოდა

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ.

როგორც გაირკვა ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ისინი უკვე 7 წელია ცხოვრობდნენ მარნეულში.

გავრცლებული ინფორმაციით, მაშველებმა პირველ დღეს ლორას ცხედარი ჩანჩქერთან ახლოს ნახეს, მეორე დღეს კი მისი მეუღლის ცხედარი მდინარეში იპოვეს. მდინარეში ასევე ნაპოვნია ბავშვის ე.წ. რუგზაკი.

სმიტების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 112-ში მათი ახლობლისგან შევიდა, ინფორმატორმა სამართალდამცველებს აუხსნა, რომ სმიტები პიკნიკზე იყვნენ წასულები, დაბრუნების შემდეგ კი მას უნდა შეხვედროდნენ, ურეკავდა, მაგრამ ვერაფრით დაუკავშირდა...

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ვერსია განიხილება, შესაძლოა, ბავშვი ჩავარდა და მის გადასარჩენად გადახტნენ ან ერთად ჩაცვივდნენ. სტიქიის შედეგად მოხდა უბედური შემთხვევა თუ სხვა რამ მიზეზით დატრიალდა ეს ტრაგედია, იმედია, გამოძიება დროულად დაადგენს

იხილეთ შსს-ს განცხადება

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამართლადამცავთ თქმით, პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

თემურ მონიავა, მცხეთა-თიანეთის სამშველო სამსახურის უფროსი:

- ამ ეტაპზე ისევ ხადას ხეობაში ვართ, სადაც სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 60 მაშველი მუშაობდა. დღეს 20 მაშველი გვყავს ხეობაში გაშლილი და მდინარის კალაპოტს, ნაპირებსა და კალაპოტის ირგვლივ შემოგარენს ვამოწმებთ. ამ მდინარეს ხადას ხევი ჰქვია და დაახლოებით 10 კილომეტრი სიგრძისაა. ორი დღის განმავლობაში ეს 10კმ. გადაფარული გვაქვს, მაგრამ ხელახლა კიდევ ვამოწმებთ. ჩანჩქერთან ნაპოვნია ქალბატონის, დაახლოებით 700-800 მეტრის მოშორებით კი მამაკაცის ცხედარი. მესამეს - 4 წლის ბავშვის საძიებო სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს.

- თქვენი ვერსიით, რა შეიძლებოდა გამხდარიყო უბედური შემთხვევის მიზეზი, რა სურათი იკვეთება?

- აწ გარდაცვლილებს ავტომანქანა ზემოთ, იმ ადგილას ჰყავდათ გაჩერებული, საიდანაც ხეობას საცალფეხო ბილიკი მიუყვება, ძალიან რთული რელიეფია და ფეხითაც რთული სასიარულოა.

რთულია დაზუსტებით რაიმეს თქმა, მაგრამ ვერფერს გამოვრიცხავთ... ეს ხევი სოფელ წკერეს ზემოთაა, იქ არის რამდენიმე ადგილი, სადაც ძველი თოვლია ჩამოწოლილი, მაგრამ რთული სათქმელია, რა მოხდა...  ამის გარკვევა გამოძიების კომპეტენციაა, მე ვერსიებზე ვერ ვილაპარაკებ.

ვაგრძელებთ სამუშაოებს და იმედია, მესამე ადამიანსაც ვიპოვით. ამ ეტაპზე სამუშაოებისთვის იდეალური ამინდია, გუშინ და გუშინწინ იწვიმა და მუშაობაში ამან შეგვიშალა ხელი. თვითონ ხეობა ისეთია, როგორც კი მოსაღამოვდება, მუშაობა დიდი რისკის შემცველია, როგორც კი ბინდი ჩამოწვება, გათენებამდე ვაჩერებთ საძიებო სამუშაოებს.

როგორც უკვე ვთქვით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც მარნეულში ცხოვრობდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ სმიტების ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს და რამდენიმე ხნის წინ, რაიან სმიტს მუნიციპალიტეტისთვის საბავშვო სკვერის პროექტთან დაკავშირებით წერილობით მიუმართავს. ინტერნეტში რამდენიმე ინფორმაცია იძებნება რაიანის ამ ინიციატვის თაობაზე. მაგალითად, 14 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულა მარნეულში პირველი პარკის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დამსწრეებისთვის თავად ინიციატორს რაიან სმიტმს  გაუცვნია.

რაიანი თურმე წელიწადზე მეტ ხანია იბრძოდა მარნეულში პარკის მოწყობითვის, ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებდა.

რამდენიმე თვეა,  მან სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. სამწუხაროდ, ყველაფერი ასეთი დიდი ტრაგედიით დასრულდა.

"ხადას ხეობაში გარდაცვლილ ცოლ-ქმარს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი " - რას ამბობს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)