ვინ აგებს პასუხს ორი ბავშვის დაღუპვაზე?!
1-ლ ივლისს დაბა ურეკში ზღვაში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დახმარებას ორი მოზარდი ითხოვდა. მაშველებმა 10 და 16 წლის მოზარდები წყლიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად მესამე, 13 წლის ბავშვიც იყო. მისი ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს. დაღუპული თორნიკე პატრიასოვი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული.
ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ხელოვნურად დაგუბებულ წყალში მაშველებმა ორი 12 წლის ბავშვის გიორგი ლაცაბიძისა და ნიკა მიქოიანცის ცხედრები იპოვეს. სამაშველო სამსახურში მწყემსმა დარეკა, რომელმაც საგუბართან მიტოვებული ბავშვების ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. ბავშვები დაახლოებით 4-5 საათის დაღუპულები უნდა ყოფილიყვნენ. არ გამორიცხავენ, ფაქტზე კომპანია "ბლექ სი გრუპის" პასუხისმგებლობა დადგეს, რომელიც ტბად გადაქცეულ კარიერზე საშენ მასალას მოიპოვებდა.
გოჩა ლაცაბიძე, გიორგის ბიძაშვილი: "ბავშვები კლასელები იყვნენ და ხაშურში მეზობლად ცხოვრობდნენ. იმ დღეს გიორგიმ გვითხრა, სტადიონზე მივდივარო. რომ აღარ გამოჩნდა, დავურეკეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. გვიანი იყო, დაახლოებით 10-ის ნახევარი, როცა მის ტელეფონზე პოლიციელმა გაგვაგონა და გვითხრა, ტბაში ბავშვებს ვეძებთ, ერთი ვიპოვეთ და მეორეს ვერ ვპოულობთო. ეს ტბა ხაშურიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია, სოფელ ოსიაურთან. გიორგი იქ ადრე არასდროს ყოფილა. ცურვა არც იცოდა, ნიკას კი წყლის შიში ჰქონია, არ ეკარებოდა წყალს.
ეს ტბა ძალიან მატყუარაა, ალაგ-ალაგ ღრმაა და გითრევს. ადრე იმ ადგილიდან ავტობანისთვის ხრეშს იღებდნენ, მერე ტბა წარმოიქმნა. არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი იქ არ ყოფილა, მესაკუთრეს ხომ უნდა შემოეღობა?"
ლაშა მალხაზიშვილი, ახალსოფლის რწმუნებული: "როცა ავტობანი გაჰყავდათ, კომპანია "ბლექ სი გრუპი" ამ ადგილებში სამშენებლო მასალას, ქვიშა-ხრეშს მოიპოვებდა. კარიერზე ქვიშის ამოღების შემდეგ, ამოთხრილ ფართობებზე წყალმა ამოხეთქა, რის შემდეგაც ტბები გაჩნდა. მოსახლეობამ არაერთხელ სთხოვა კომპანიას, გადათხრილი ადგილები ამოევსო, წერილიც გავუგზავნეთ, გვპირდებოდნენ, დღეს-ხვალო, მაგრამ ამაოდ".
ქართული სამშენებლო კომპანია "ბლექ სი გრუპი" ("Black Sea Group") 2005 წლიდან არსებობს და გზებისა და აეროდრომების პროექტებზე მუშაობს.
გენო აკოფაშვილი, "ბლექ სი გრუპის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერი:
- ამ ადგილას იყო კარიერი, რომელზეც ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა და სადაც მიმდინარეობდა მასალების მოპოვება.
- მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ კომპანიას არაერთხელ მიმართეს წერილობით, რათა ამოევსოთ ეს ადგილი, კომპანიამ რატომ არ მოახდინა რეაგირება? - ადგილი მას შემდეგ ამოივსებოდა, რაც კარიერი დაიხურებოდა და პროექტს ვადა გაუვიდოდა, ანუ 2019 წლის ივლისში, მანამდე კარიერი მოქმედია და არ ექვემდებარება რეკულტივაციას. მართალია, მასალის მოპოვება დროებით გაჩერებულია, მაგრამ, ვიმეორებ, ლიცენზია მოქმედია, კომპანიას ვადა აქვს და მასალის ნაშთიც იყო, რომლის ამოღებასაც ვგეგმავდით.
- უსაფრთხოების ზომები რატომ არ იყო დაცული ტერიტორიაზე (შემოუღობავია და არც გამაფრთხილებელი ნიშნებია დაყენებული). - რაც სავალდებულოა უსაფრთხოებისთვის, ყველაფერი დაცული იყო.გამაფრთხილებელი ნიშნებიც იდგა და თუ გაქრა, არაა გამორიცხული, მოიპარეს, პატარა რკინის ნაჭერიც რომ დაგვეტოვებინა, აღარ გვხვდებოდა.
- კარიერის ადგილას წარმოქმნილ ტბაში ორი მოზარდი დაიღუპა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა თქვენს კომპანიას დაეკისრება. - გამოძიება მიმდინარეობს და ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, დადგინდება.
იმის გასარკვევად, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა კომპანიას ნაკისრი, შევეცადეთ ლიცენზიის პირობებს გავცნობოდით და ამისათვის სსიპ "წიაღის ეროვნულ სააგენტოს" მივმართეთ. სააგენტომ გვითხრა, რომ წერილობით მიგვემართა, პასუხს კი დრო დასჭირდებოდა.
36 დღეში წყალში 26 ადამიანი დაიხრჩო
საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, 1-ლი ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოს ზღვაზე, მდინარეებსა და ტბებზე 26 კაცი დაიღუპა (ზღვაზე - 5, მდინარეზე - 15, ტბაზე - 6). ამავე პერიოდში მაშველებმა სიკვდილს 88 კაცი გადაარჩინეს (ზღვაზე - 61, მდინარეზე - 9, ტბაზე - 18).
"ყველგან ვერ მოხერხდება "ბანაობა აკრძალულია" აბრების განთავსება
ნოდარ ჭუმბაძე, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ქვეგანყოფილების უფროსი: "უბედური შემთხვევები გამოწვეულია იმით, რომ მობანავეები არღვევენ უსაფრთხოების ნორმებს. დახრჩობის მიზეზი ხშირად ისიც ხდება, რომ წყალში ნასვამი ან ნაბახუსევზე შედიან, ასევე ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ბანაობა საშიშია ისეთ ადგილებში, სადაც წყლის ქვეშ მცენარეული საფარია, ან გადასახტომია ქვიანი. ბანაობა არ შეიძლება მდინარეების შესართავებში. მობანავეები მაშველების მითითებებს უნდა დაემორჩილონ და შევიდნენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომლებიც შესწავლილია, კონტროლდება და სადაც სამაშველო დანაყოფები არიან.
- გამაფრთხილებელი ნიშნები ყველგან უნდა იყოს? - ყველგან ვერ მოხერხდება "ბანაობა აკრძალულია" აბრების განთავსება. მაგალითად, თბილისის ზღვის გარშემოწერილობა 28 კილომეტრია. სადაც გამოყოფილია საბანაო ზონა, იქ მობანავეთა უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ ყველამ იქ იბანაოს, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
- ალბათ, უფრო საშიშია მდინარეებსა და ტბებში შესვლა, მით უფრო, რომ ასეთი ადგილები არ კონტროლდება.
- სწრაფი დინებიდან გამომდინარე, წყლით მოსარგებლეს მდინარეში ექმნება საფრთხე - დინებას აქვს ისეთი ღრმულები და მორევები, სადაც ადამიანი შეიძლება ჩავარდეს. არ შეიძლება მდინარეზე გადაადგილება ისეთი მცურავი საშუალებებით, რომლებიც უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. საქართველოში ნაკლებად მეგულება მდინარე, სადაც ბანაობა რეკომენდებული იყოს და მინიჭებული ჰქონდეს სტატუსი "საბანაო ზონა". ყველაზე მთავარი ისაა, რომ მდინარეების დონე ეტაპობრივად და მოულოდნელად იმატებს, რაც ადამიანებს არა მარტო ბანაობისას, მდინარის გადაკვეთისასაც უქმნის საფრთხეს.
ნანა ფიცხელაური