დაიწყეთ - გააერთიანეთ საქართველო!
23 ივლისს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგი პროექტი "საქართველოს ინტერაქციული რუკა" (Iნაწილი "იმერეთი") გამოვა. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის ამ პროექტის შესახებ, თუმცა, სანამ პირველი კომპლექტი დღის სინათლეს იხილავს, "საქართველოს ინტერაქციულ რუკაზე", მის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე და იმაზეც, თუ რატომ უნდა იყოს ეს რუკა ყველა ოჯახში, პროექტის რედაქტორი თეა ბარამაშვილი გვესაუბრება:
- უპირველესად, ეს არის გამოცემა, რომელიც გამონაკლისია თავისი არსითა თუ მნიშვნელობით, მასზე ვერ იტყვი, თქვენს წიგნის თაროზე დაიკავებს ადგილსო, რადგან სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს. მისთვის კედელი უნდა მოამზადოთ ან დროდადრო დაუთმოთ სივრცე მაგიდაზე ან იატაკზე. მოკლედ, ის თქვენს სახლში სრულიად განსხვავებულად დაიდებს ბინას - ოჯახის ყველა წევრს შემოიკრებს, თითოეულის ინტერესს გამოიწვევს, ყურადღებასა და ცოდნას მოგთხოვთ და ასე, ხალისითა და ინტერაქციით გაგაერთიანებინებთ საქართველოს!
ახლა უშუალოდ პროექტზე - "პალიტრა L" ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების პროექტების შექმნით მართლაც გამორჩეულია ქართულ საგამომცემლო ბაზარზე. მაგალითისთვის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ან თუნდაც ფოტოალბომი "ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო" იქნება საკმარისი, თუმცა ჩვენთვის სიახლის შეთავაზება მკითხველისთვის არასოდესაა ლიმიტირებული, ყოველი წარმატებული პროექტი ახალი გრანდიოზული პროდუქტის შექმნისკენ გვაქეზებს, გვიბიძგებს და ასე იბადება იდეები. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ "ინტერაქციული რუკის" შექმნის ინსპირაციად ყველა წინამორბედი პროექტი იქცა, თუმცა, ამასთანავე, დაიბადა სრულიად ახალი და განსხვავებული იდეა ორიგინალური კონცეფციითა და განსაკუთრებული ფორმა-შინაარსით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ქართულ სინამდვილეში არ არსებობს.
- მაშინ ამ პროექტის თავისებურებებზე, მისი ორიგინალურობის განმსაზღვრელ ნიუანსებზეც გვესაუბრეთ...
- წარმოიდგინეთ დღევანდელი საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, რომლის თითოეული კუთხე პაზლია. ცხადია, თითოეული კუთხის პაზლზე დატანილია ამ რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი, დაბა თუ კულტურული ძეგლი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. პაზლს თან ახლავს ფიგურების ნაკრები. ეს გახლავთ შესაბამისი რეგიონის ტრადიციების, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი 11 სიმბოლო. მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონის პაზლს ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორის ციხის მინიატიურული ფიგურებით გააცოცხლებთ. იქვე ნახავთ 5 ზოგად ფიგურას, მაგ., "დედაენას", რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიუჩინოთ ადგილი, რადგან ეს წიგნი ზოგადქართული ფასეულობაა. მოკლედ, თითოეული პაზლი ჩვენი სამშობლოს ამა თუ იმ კუთხესთან "მისვლის", სიახლოვის, შემეცნების, იქნებ თავიდან აღმოჩენისა და გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა. საქართველოს რუკის მხატვრული და სახალისო პაზლი უნიკალურ შანსს მისცემს მფლობელს, ააწყოს რუკა და გააერთიანოს საქართველო!
- მოდი, ამ "გაერთიანების" ქვეტექსტზეც გვითხარით. - ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში მუდმივად ვფიქრობდი: საქართველოს იმ დიდ და რეალურ გაერთიანებამდე, რომელიც თითოეული ქართველის მიზანი, ოცნება და საფიქრალ-საზრუნავია, მუდმივად უნდა ვიმოქმედოთ, რაღაც შევქმნათ, თუნდაც სიმბოლური, მაგრამ დამაჯერებელი, ამაღელვებელი, ხელშესახები... ვისაც რა და როგორ შეგვიძლია. "საქართველოს ინტერაქციული რუკა" თითქოს იმ დიდი მიზნის დეტალია, მაგრამ სწორედ ასეთი პროექტები ქმნის საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს განწყობას. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგვეწყო, რომელი ყოფილიყო პირველი რეგიონი, რომლითაც "საქართველოს გაერთიანებას" დავიწყებდით. იმერეთით ვიწყებთ, რადგან ეს მხარე ერთადერთია, რომლის ყველა საზღვარი ადმინისტრაციულია - ანუ არც ერთ სხვა ქვეყანას არ ესაზღვრება. იმერეთს რაჭა-ლეჩხუმი მოჰყვება და ასე ბოლომდე - აფხაზეთამდე!
პაზლები შეგიძლიათ ააწყოთ როგორც მაგიდაზე (ან იატაკზე), ისე კედელზე. კედელზე ასაწყობად პაზლს ორმაგი წებოვანი ლენტი ახლავს, ფიგურებს კი უნდა მოარგოთ სპეციალური ფეხი, რომლითაც რუკაზე დადგამთ (თუ პაზლს მაგიდაზე ააწყობთ) ან ჩაარჭობთ (თუ აწყობას კედელზე გადაწყვეტთ).
- როგორც ვიცი, პაზლს ბროშურაც ახლავს... - კი, ეს ერთგვარი კომპლექტია: რეგიონის პაზლით, ფიგურების დაფით და პატარა წიგნით, რომელიც მოკლედ გთავაზობთ როგორც კონკრეტული მხარის მოკლე მიმოხილვას, ისე იმ ფიგურების ამბავს, რომლებიც რუკაზე უნდა განალაგოთ.
- რა პერიოდულობით შეუძლია მკითხველს კომპლექტის მიღება? - როგორც იცით, "საქართველოს ინტერაქციული რუკის" პირველი კომპლექტის - "იმერეთის" - შეძენის შესაძლებლობა 23 ივლისს ექნებათ. თვეში ორ კომპლექტს მიიღებთ. სულ 12 რეგიონის კომპლექტი და ნახევარ წელიწადში თქვენ მთლიანი რუკის მფლობელი ხდებით. მოკლედ, შანსი გაქვთ, თავად შექმნათ ერთიანი საქართველოს რუკა, ნაბიჯ-ნაბიჯ ააწყოთ, თითოეული კუთხისა თუ მხარისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული შტრიხითა თუ ტრადიციული მახასიათებლით დატვირთოთ და გაამრავალფეროვნოთ თითოეული კუთხე თუ მთლიანად ქვეყანა. მაშ, დაიწყეთ - გააერთიანეთ საქართველო!
"საქართველოს ინტერაქციულ რუკაზე" ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ იმუშავა, რომელიც პროექტის დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს: - "საქართველოს ინტერაქციული რუკა" ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო, სახალისო და ინფორმაციულად მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, რუკა გაძლევთ შესაძლებლობას ბავშვებს მხიარული ამოცანებით გააცნოთ ქვეყნის ისტორია თუ კულტურა და თავადაც სიამოვნება მიიღოთ პაზლების აწყობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მასალა, რომლითაც შექმნილია პაზლი, ჯერ საქართველოში არ გამოყენებულა - ეს არის მაღალი პოლიგრაფიული მასალა, რომლის დაბეჭდვაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია. რუკაზე მოცემულია მხატვრული პირობითი ნიშნები, ასევე აღნიშნულია ქვეყნის კულტურული და სამეურნეო ობიექტები. გარდა ამისა, რუკას მოჰყვება ფიგურები, რომლის ჩასმაც მკითხველს შეუძლია კუთხისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მიხედვით.
რუსუდან შელია