შურისძიება ყოფილ შეყვარებულზე? - როგორ აღმოჩნდა მასობრივი განადგურების ქიმიური ნივთიერება თბილისის აეროპორტში?
2 ივლისს, დილის 10 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პანიკამ მოიცვა, გაფრენის დარბაზში მდებარე ავიაკომპანია "აეროფლოტის" ოფისში მომუშავე ადამიანები მძაფრმა სუნმა შეაწუხა, ერთ-ერთი თანამშრომელი, როცა ოფისში შევიდა, ნახა რომ იქ დაღვრილი იყო გაურკვეველი სითხე, რომელსაც საშინელი სუნი ჰქონდა. მაშინვე აცნობეს აეროპორტის შესაბამისი სამსახურებს და ისინი შესწავლას შეუდგნენ, საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ და მოკვლევაც დაიწყო თუ რა ნივთიერებასთან ჰქონდათ საქმე.
იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი თავს ცუდად გრძნობდა, ისინი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. სულ 7 ადამიანი მოთავსდა "ევექსის" კლინიკაში, აქედან 3 პაციენტს აღენიშნებოდა ინტოქსიკაციის ნიშნები - ღებინება, გონების დაბინდვა, თვალისა და პირის ლორწოს გაღიზიანება და გამონაყარი.
4 პაციენტი მალევე გაუშვეს, ხოლო 3 სათანადო დახმარების აღმოჩენის შემდეგ იმავე დღესვე გაეწერა კლინიკიდან. შედარებით მძიმე იყო კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანეს, მასაც ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა და მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკაში დატოვეს. საქმეში ბუნებრივია ექსპერტები ჩაერთვნენ.
მალევე ითქვა, რომ შემთხვევის ადგილზე საშიში ქიმიური ნივთიერება იყო დასხმული, სავარაუდოდ, მხუთავი აირი და თანამშრომლები სწორედ ამით იყვნენ მოწამლულები. ვინაიდან საქმე გაურკვეველ ქიმიურ ნივთიერებას ეხებოდა, საქმეში სუს-ის თანამშრომლები ჩაერთვნენ. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო მომხდარი კავშირში ტერორიზმთან და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდნენ.
გაიშიფრა სათვალთვალო კამერებიც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ეჭვი ერთ-ერთ მოქალაქეზე მიიტანეს. არც მისი ვინაობის და ადგილსამყოფელის დადგენა გასჭირვებიათ, ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, 4 ივლისს, იგი სამგორის მეტროს მიმდებარედ ერთ-ერთ ობიექტში დააკავეს, სადაც სადილობდა.
მალე გაირკვა მისი ვინაობაც, ის რუსეთის მოქალაქე, 46 წლის დიმიტრი ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო დღეს პასუხისგებაშია მიცემული. მართალია ის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პროკურატურამ მას ოფიციალურად წაუყენა ბრალი და სასამართლომაც უკვე შეუფარდა პატიმრობა.
ვინაიდან საქმე რუსეთის მოქალაქეს ეხებოდა, უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა ტერორიზმზე, თუმცა გამოძიებით გაირკვა, რომ ეს არანაირად არ უკავშირდებოდა ტერორიზმს და 46 წლის მამაკაცს დღეს პირადი შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. ამ მიმართულებით გამოძიება დაზარალებულების დაკითხვის შემდეგ წავიდა. გაირკვა, რომ "აეროფლოტის" დაზარალებული თანამშრომლებიდან ერთ - ერთი ბრალდებულს იცნობდა. სწორედ იმ ქალბატონმა ნახა დასხმული ნივთიერება პირველმა, მან დამნაშავეც ამოიცნო და ბრალდების მოწმეა.ქალი განმარტავს, რომ ბრალდებულის სამიზნე სწორედ ის იყო. თუმცა იმ დღეს იქ არ უნახავს, როცა სამსახურში მოვიდა ნივთიერება უკვე დასხმული იყო. ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას აქვს მთავარი მტკიცებულება, ეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერია, სადაც კარგად ჩანს, როგორ მიდის ბრალდებული ამ ოფისთან და როგორ ასხამს რაღაც ნივთიერებას. თუმცა მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ სამხილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება ქალბატონის ჩვენება იქნება. ის ირწმუნება რომ დიმიტრის სტუდენტობიდან, 90-ინი წლებიდან იცნობს. ერთმანეთი მათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიცნეს, სადაც ორივე სწავლობდა. მოწმე ირწმუნება, რომ დიმიტრი ბიკოვს იგი უყვარდა, თუმცა მათი გზები გაიყარა, მათი ქორწინება არ შედგა. შემდეგ ბიკოვი და მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში წავიდა და იქ ბიკოვმა ოჯახიც შექმნა. თუმცა მერე მეუღლეს დაშორდა და დღეს ოფიციალურად განქორწინებულია. სავარაუდოდ, საქართველოში სტუმრად ჩამოსული ბიკოვი ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრას და მასთან ურთიერთობის აწყობას აპირებდა. თუმცა ეს არ გამოუვიდა და შეიტყო მისი სამუშაოც, სწორედ ამ გზით გეგმავდა მასზე შურისძიებას ბრალდებული.
ბუნებრივია საქმეზე გამოძიება დაიწყო და უფრო მეტი დეტალი იქ გაირკვევა, უნდა დადგინდეს ისიც, რატომ იმეტებდა სასიკვდილოდ ყოფილ შეყვარებულს, ასევე რა სახის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა ბრალდებულმა და სად შეიძინა იგი. მართალია ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტები პირველადი გამოკვლევებით ეჭვობენ, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არის მასობრივი განადგურების ქიმიური ნივთიერება "იპრიტი", რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელები იყენებდნენ, ამ ნივთიერებას ასევე თურმე მდოგვის აირსაც უწოდებენ. აქვს არასასიამოვნო სუნი, ძალიან მდგრადია, დიდხანს ჩერდება ადგილზე, მაგრამ ნელა მოქმედია, მისი მოქმედების პერიოდი 2-8 საათს შეადგენს. პირველად იპრიტი გამოიყენეს გერმანელებმა 1917 წელს ინგლისურ-ფრანგული შენაერთების წინააღმდეგ ბელგიის ქალაქ იპრთან, აქედან გამომდინარე მას ეწოდა იპრიტი. საწამლავის წვეთები ძალიან საშიშია და უნდა ჩამოირეცხოს სპეციალური საშუალებით. დაშავებულ ადამიანებს ასეთ დროს განსაკუთრებით ცხვირი და თვალები უნდა გაეწმინდოთ სათუთად, პირის ღრუ კი 2% სასმელი სოდის წყალხსნარით უნდა დამუშავდეს. იგი ორგანიზმში ნებისმიერი გზით მოხვედრისას აზიანებს ლორწოვან გარსს, ეს შეიძლება იყოს თვალების, ცხვირის, პირის ლორწოვანი გარსები და ასევე კანი, რომელზეც თურმე მოგვიანებით ჩნდება წყლულები. სასიკვდილო დარტყმას ეს ნივთიერება აყენებს ფილტვის ლორწოვან გარსს, ის ადნობს მას, რის შემდეგაც ფილტვში ხდება სითხის დაგროვება, რამაც შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. დაშავებულ პაციენტებს სწორედ ეს სიმპტომები აღენიშნებოდათ. "თავბრუ მეხვეოდა, თვალები მეწვოდა, ირგვლივ საშინელი სუნი იყო, ვგრძნობდი შეიძლება გონება დამეკარგა, სხვებს კანზე გამონაყარიც ჰქონდა ", - ამბობს ერთ- ერთი მოწამლული.
რატომ წირავდა ასე საყვარელ ადამიანს და მის თანამშრომლებს ბრალდებული, ამაზე მისი პოზიციის მოსმენა საინტერესოა. იმასაც ეჭვობენ, რომ მას შესაძლოა ფსიქიური პრობლემებიც ჰქონდეს. შესაძლოა ამის დასადგენადაც დაინიშნოს ექსპერტიზა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს ნივთიერების წარმომავლობა და ის, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთი მძიმე ქიმიური ნივთიერება მის ხელში.
ბრალდებულის ინტერესს საზოგადოებრივი ადვოკატი ნოდარ იკაშვილი იცავს. ის ამბობს, რომ ბიკოვი უდანაშაულოა და მას მომხდართან კავშირი არ აქვს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატი ნოდარ იკაშვილი:
- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიმიტრი ბიკოვი რუსეთის მოქალაქეა, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და ერთი კვირა იმყოფებოდა აქ. ის წლების წინ საქართველოში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, საქართველოში დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი, კერძოდ ტექნიკური ინსტიტუტი, აქ მათ ჰქონდათ ბინაც, ოჯახი აქ მუშაობდა და აქ არიან დაკრძალულები მისი დიდი ბებია და ბაბუა. სამოქალაქო ომის შემდეგ ოჯახს სამუშაოს პრობლემა შეექმნა და ამიტომ მთელი ოჯახი წავიდა რუსეთში, აქ გაყიდეს ბინა და წავიდნენ 1993 წელს. თუმცა მას აქ ჰყავს ნათესავები და მათთან პერიოდულად ჩამოდიოდა. ახლაც ტურისტულად იყო ჩამოსული. დიდი ბებია და ბაბუას საფლავების მონახულება სურდა, ასევე ენატრებოდა საქართველო და უნდოდა თავისი საყვარელი ადგილები მოენახულებინა. ჩამოვიდა ივნისში, მოინახულა კიდეც და უკან, რუსეთში წასვლას აპირებდა, ამიტომ მივიდა იმ დღეს აეროპორტში, იაფიანი ბილეთის შესაძენად, მივიდა კომპანია "აეროფლოტის" ოფისთან. ის უარყოფს წაყენებულ ბრალს, არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ადასტურებს რომ იმ დღეს იყო აეროპორტში. ამბობს რომ არანაირი ნივთიერება მას არ მიუტანია და მხოლოდ ბილეთის შესაძენად იყო მისული.
- ბოლოს როდის იყო ის საქართველოში?
- ბოლოს 2015 წელს იყო საქართველოში ჩამოსული, მას მერე არ ყოფილა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა. ორივე მშობელი რუსია, მაგრამ წლების წინ აქ ცხოვრობდნენ, სამსახურის არქონის გამო წავიდნენ თავის დროზე აქედან. მოგეხსენებათ, გავრცელდა აეროპორტში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და რატომღაც მასზე მიიტანეს ეჭვი, ის დააკავეს სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სადილობის დროს.
- რა სამხილი აქვს გამოძიებას მის წინააღმდეგ? ამბობენ, რომ კამერებზე ასახულია ფაქტი.
- არანაირი სამხილი მის წინაღმდეგ არ არსებობს, რაც წარადგინეს სასამართლოზე, ის არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ. პროკურატურამ ვიდეო ჩანაწერი წარადგინა, სადაც ჩანს, რომ ის არის აეროპორტში, ამას არც ბრალდებული უარყოფს. თუმცა ფაქტს უარყოფს.
- ჩვენი ინფორმაციით, მას ერთი ქალბატონი ამხელს დანაშაულის ჩადენაში და ამბობს, რომ სწორედ მისი მოწამვლა სურდა ბრალდებულს, ამ ბრალდებას რა უპასუხა ბრალდებულმა? - დიახ, არის დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ამხელს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ამბობს ჩემი მოწამვლა უნდოდაო, მაგრამ თავად ბრალდებული ამას აბსურდულს უწოდებს და მასთან ნაცნობობასაც კი უარყოფს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიკოვის მხრიდან არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. თავიდან გამოძიება ტექნოლოგიური ტერორიზმის მუხლით დაიწყეს, ატყდა ხმაური, ეს არ დადასტურდა, ალბათ მერე არ სურდათ ეს გამოძიება ისე დასრულებულიყო და ამიტომ შეარჩიეს ბიკოვი, რომელიც იმ დღეს ბილეთის შესაძენად მივიდა და ჩვენი აზრით, ხელოვნურად შეიკერა ბრალდება მის წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვდით მის განთავისუფლებას, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ მოსამართლემ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა თუმცა ეს გადაწყვეტილება ჩვენ გავასაჩივრეთ და სააპელაციო სასამართლოს ველოდებით. აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით, რადგან ჩემს დასაცავს მართლა არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
- დაკავებულს მეუღლე ყავს? ქართული იცის?
- 1972 წელს არის დაბადებული დიმიტრი ბიკოვი, მას ჰყავდა ოჯახი, მაგრამ განქორწინებულია მეუღლესთან. საქართველოში მარტო იყო ჩამოსული, რაც შეეხება ქართულის ცოდნას, ცუდად იცის ქართული, ამიტომ პროცესზე თარჯიმანი იყო და ამიტომაც დაენიშნა სავალდებულო დაცვაც.
- ფაქტია, ქალი ამხელს, ჩვენი ინფორმაციით. ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს, ბიკოვს უყვარდა ეს ქალი და რადგან ახლა მასთან ურთიერთობა ისევ ვერ ააწყო, მასზე შურისძიება სურდა, ამაზე რას იტყვით? - ეს არის ბრალდების მხარის ვერსია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამას არ ადასტურებს. ბრალდება სწორედ იმას ამბობს, რომ თითქოს ჩემმა დასაცავმა პირადი ანგარისწორების მიზნით ამ პიროვნებას სამუშაო ადგილზე დაუსხა მხუთავი ნივთიერება და დროულად იქნა აღმოჩენილი ეს ნივთიერება და გადაურჩაო. ეს ქალბატონი ამბობს, სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობ, ვუყვარდიო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაცვის ქვეს მყოფი საერთოდ უარყოფს მასთან ნაცნობობას. ან სად არის ლოგიკა ამაში? სტუდენტობის პერიოდიდან რამდენი დროა გასული, მას მერე ბევრჯერ იყო ჩამოსული ის საქართველოში, აქამდე არ მოძებნა და ახლა მოძებნა? რაღა ახლა მოუნდა მისი დაზიანება. ქალბატონის ჩვენების დეტალები სასამართლოზე გამოჩნდება, როცა ის დაიკითხება. განზრახვა არ ჰქონდა და შესაბამისად არ გაუკეთებია.
- რაც შეეხება აღმოჩენილ ნივთიერებას, კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა საუბარი?
- ჩემს დასაცავს ამასთან კავშირი არ აქვს. გამოძიებაც ამბობს, გაურკვეველ ვითარებაში შეიძინა ნივთიერებაო, დაუდგენელია წარმომავლობა ნივთიერების, თუ ასეთი სრულყოფილი გამოძიება ჩაატარეს, რატომ ვერ დაადგინეს მისი წარმომავლობა, მაშინ თქვან სად და როგორ შეიძინა, ჩაატარონ სერიოზული გამოძიება, ჯერჯერობით ვერც ამ ნივთიერებაზე ვისაუბრებთ, რადგან ექსპერტიზებია დანიშნული. პირველადი დასკვნა არის მხოლოდ და სხვა ექსპერტიზების პასუხები იქნება.
გამოძიება გრძელდება, რადგან საქმე არ გვაქვს ტერორიზმთან და საქმეს პირადი შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა, როგორც შევიტყვეთ ეს საქმე სუსი-დან ისევ დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და იქ გამოიძიებენ საქმის დეტალებს.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)