"გთხოვთ, მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეთ, ციხეში უნდა ჩალპეს" - რას ამბობს თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეთ, ციხეში უნდა ჩალპეს" - რას ამბობს თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

ამ წუთებში სასამართლო პროცესზე თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა იკითხება. მისი თქმით, ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს და მის შვილს ერთმანეთი 14 წლიდან უყვარდათ.

"ჩემი შვილი და ეს არაკაცი ერთ სამშობიაროში არიან დაბადებულები. ერთად გაიზარდნენ. 14 წლისას შეუყვარდათ ერთმანეთი და გრძელდებოდა ალბათ, 7 წელი. ერთი პერიოდი დაშორებულები იყვნენ. ბრალდებული იყო ძალიან მექალთანე, ალბათ, ღალატობდა და ამის გამო დაშორდა. 2 წლის მერე მითხრა, შევრიგდითო. მკვლელობამდე ჩემი შვილისთვის არაფერი შემიმჩნევია, რომ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული ყოფილიყო... ჩემ შვილს მთელი ცხოვრება უყვარდა. ის სიყვარულმა დაღუპა",- განაცხადა მოკლულის მამამ.

ანა ნაცვლიშვილის მამამ გაიხსენა ისიც, თუ როგორ შეატყობინა ეს ამბავი პოლიციამ და ასევე როგორ ეძებდა მთელი დღის განმავლობაში მის შვილს ბრალდებულთან ერთად, თუმცა მისი თქმით, „ბრალდებულს მის მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა და ანას ცხედრის ადგილს ძალით არიდებდა".

"დილით ცოლმა გამაღვიძა, ანა არ არის სახლშიო და მისი შეყვარებულიც აქ არის, ნერვიულობსო. გვეგონა, მის დაქალთან იყო. ერთად წავედით მე და ბრალდებულები და სპეციალურად ამარიდა იმ ადგილს, სადაც ცხედარი იპოვეს - შორიდან მომატარა. ირონიულად მიყურებდა, მაგრამ ცუდს არაფერს ვფიქრობდი. მერე გავაანალიზე ეს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"გამაბითურა და გზისა და კვალის არევას ცდილობდა. დამნაშავე არის ეს კაცი და ერთს გთხოვთ - მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეთ, ციხეში უნდა ჩალპეს. თუ 20 წელს მიუსჯით, 20 წელი იმისთვის ვიცხოვრებ, რომ როცა გამოვა, მოვკლა",- განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"