რამაზ მარგოშვილმა დუმილი დაარღვია და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს - კვირის პალიტრა

რამაზ მარგოშვილმა დუმილი დაარღვია და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს

ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებისა და ტერორისტული ორგანიზაციებისა და ორგანიზაციის წევრებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა დუმილი დაარღვია. ის ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს. ამასთან, დუმილის დარღვევას გეგმავს კიდევ ერთი ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილიც. აქამდე ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა სახის ჩვენებას აძლევს სასამართლოს მარგოშვილი. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სუს-მა ანატიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"