"ლეო გრანდს", სადაც ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, საქმიანობის უფლება შეუჩერდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და ბათუმში სასტუმრო "ველმონდს", ყოფილ "ლეო გრანდს" საქმიანობის უფლება შეუჩერა, - ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სასამართლოს სასტუმროს არგუმენტები არ მოუსმენია.
როგორც კახაბერ წერეთელი ამბობს, სასტუმროსთან ერთად ფუნქციონირების უფლება სამორინესაც შეუჩერდა.
"კვირას საღამოს გვაცნობეს, რომ პროცესი უნდა გამართულიყო ორშაბათს. სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩვენ პროცესს დავსწრებოდით და ვერ წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ",- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
ბათუმში, ყოფილი "ლეო გრანდის" სასტუმროს შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სასტუმროში, გასული წლის 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსი"