"ძვირფასო პრეზიდენტო, დააფასე შენი მოკავშირეები, რომელთა რიცხვი არც თუ ისე დიდია"
ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა. შესაბამისი განცხადება ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნდა.
"ძვირფასო პრეზიდენტო! ამერიკას არ ჰყავს და არც ეყოლება ევროპაზე უკეთესი მოკავშირე. დღეს ევროპელები თავდაცვაზე ხარჯავენ იმდენს, რამდენსაც ჩინეთი და რამდენჯერმე მეტს, ვიდრე რუსეთი. და თქვენ უსათუოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ინვესტიცია ამერიკისა და ევროპის ერთობლივ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, რასაც თავდაჯერებით ვერ ვიტყვით რუსეთისა და ჩინეთის ხარჯებზე.
ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები, რომელთა რიცხვიც არც თუ ისე დიდია. ძვირფასო ევროპა, დახარჯე მეტი შენს თავდაცვაზე, ვინაიდან ყველა სცემს პატივს ისეთ მოკავშირეს, რომელიც კარგად არის მომზადებული და აღჭურვილი", - ნათქვამია ტუსკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები ნატო-ს სხვა წევრების ხარჯებს რამდენჯერმე აღემატება.