"არანაკლებ მძიმე დანაშაულია, მკვლელის დახვრეტით დასჯისა თუ ლინჩის წესით გასამართლების მასობრივი მოთხოვნა" - კვირის პალიტრა

"არანაკლებ მძიმე დანაშაულია, მკვლელის დახვრეტით დასჯისა თუ ლინჩის წესით გასამართლების მასობრივი მოთხოვნა"

ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას ფოტოხელოვანი გოგო ჩანადირი საკუთარ ფეისბუკ  გვერდზე ეხმაურება:

"სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობა მართლაც უმძიმესი დანაშაულია. ძალიან დამთრგუნა, მაგრამ არანაკლებ მძიმეა მკვლელის დახვრეტით დასჯისა თუ ლინჩის წესით გასამართლების მასობრივი მოთხოვნა.ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალადობისკენ მიდრეკილია, ემოციურია და პრობლემის აღმოფხვრის გზებს აგრესიაში ეძებს, რაც არათუ შედეგიანი, პირიქით, გამაღრმავებელიც კი არის.

და კიდევ, სწორი არ მგონია ერთი, თუნდაც მძიმე დანაშაულის ჩამდენის მთელ ერთან გაიგივება. ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანიც არის, სტუმარს ბარშიც და მთაშიც ზედ რომ გადაყვება.

ფაქტია, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა და მოგვარებაზე იმაზე ღრმად უნდა ვიფიქროთ, ვიდრე ლინჩის წესზე ან დახვრეტით სამაგიეროს გადახდაზე" - წერს ჩანადირი.

სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.