ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI უწევს
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI უწევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში დამატებით არ საუბრობენ, თუმცა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ამერიკელები ტექნიკურ ექსპერტიზაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ფოტოაპარატისა და ტელეფონის ექსპერტიზას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.
ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.