NDI-ს რეიტინგის მიხედვით, საზოგადოება სააკაშვილზე მეტად უგულავას ენდობა(!)
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს საპრეზიდენტო
უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევას.
NDI-ს ნდობის რეიტინგის მიხედვით, საზოგადოება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მეტად, თბილისის მერს გიგი უგულავას ენდობა. პირველი ადგილი პატრიარქს უკავია, მეორე - გიგი უგულავას, მესამე - მიხეილ სააკაშვილს, მეოთხე ადგილზეა გიორგი თარგამაძე.
NDI–მ საქართველოს მასშტაბით 2 053 კაცი გამოკითხა. კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა მიმდინარე წლის 24 ივნისი - 5 ივლისის პერიოდში ჩაატარა.
NDI-ის ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს განცხადებით, 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას მხარს მხოლოდ გამოკითხულთა 26% უჭერს. ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 50%-ზე მეტი ძლიერ საპრეზიდენტო ინსტიტუტს ირჩევს, მეორე პოზიციაზეა ძლიერი პარლამენტი, მესამეზე კი - ძლიერი პრემიერ-მინისტრი.
NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 46%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.