"არ მომწონს ზედმეტად გადაპრანჭული, მაკიაჟიანი და დიდმკერდიანი გოგონები"
რატომ ეძახის საკუთარ თავს "მახინჯს" გიორგი ფუტკარაძე
გიორგი ფუტკარაძეს ადვილად შეუძლია ადამიანებთან კონტაქტში შესვლა და მეგობრების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ მაინც, ყოველთვის მარტოსულად გრძნობს თავს. ფიქრობს, რომ მისი გაგება რთულია. წერს მუსიკას სიყვარულსა ბედნიერებაზე, თუმცა ზარმაცია და წუხს, რომ დროს სათანადოდ ვერ იყენებს. მას საინტერესო გეგმები აქვს.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად, სწავლის გაგრძელება არსად მინდოდა, რადგან სიმღერაა ჩემთვის ყველაფერი. ვაბარებდი საზღვაო აკადემიაში, რადგან დედას უნდოდა ასე. პირველ წელს სპეციალურად ჩავიჭერი ქართულში, მეორე წელს ისევ ქართულში ხომ არ ჩავიჭრებოდი და მათემატიკაში ჩავიჭერი (იცინის). ამ წელს კიდევ, "X ფაქტორი" დაიწყო და გამოცდებისთვის არ მეცალა..."
"ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. იმდენად აქტიური გახლდით, რომ სკოლის დირექტორი მარტო ჩემს სახელს გაჰკიოდა: "ფუტკარაძე, შენ დაამტვრიე"? "ფუტკარაძე, შენი ნაფეხურია, ხომ, ჭერში?" მოკლედ, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ცელქი ვიყავი, სისხლს ვუშრობდი მასწავლებლებს..."
"იმ წუთებში არც კი მესმოდა, რას ამბობდნენ ჩემზე, რადგან როცა მუსიკალურ კაიფში ვარ, 5-10 წუთი მაინც მჭირდება გამოსასვლელად. როდესაც დიდ ემოციას გასცემ, ბოლომდე იცლები, მაგრამ როდესაც ტაშს გიკრავენ, ეს ემოცია უკანვე გიბრუნდება. მახსოვს, დათო ევგენიძე რომ წამოდგა და მითხრა, - მოდი, მე და შენ ერთად ვიმღეროთო..."
"თუ ოდესმე ვინმე შემიყვარდება, ერთი შემიყვარდება და სამუდამოდ! აქამდე მხოლოდ მომწონებია, არ მყვარებია. "სიყვარული" ისეთი სიტყვაა, რომელიც იშვიათად უნდა თქვა, რათა ემოცია და ფერი არ დაკარგოს. სიყვარულს რა დამტკიცება უნდა? ის ძალაა, რომელიც გავსებს. ერთხელ მოდის სიცოცხლეში და ან გტანჯავს, ან გაბედნიერებს..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 12 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი