"ამათ აწყურის ტაძარი კი არ ანაღვლებთ, პოლიტიკურად არიან ანგაჟირებულები " - მწვავე დაპირისპირება აწყურის ტაძრის რესტავრაციის გამო
აწყურის ტაძრის სარესტავრაციო პროექტის თანაავტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი განგაშს ტეხს იმასთან დაკავშირებით, რომ ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი დარღვევებით მიმდინარეობს...
ამის თაობაზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:
"აწყურის ტაძრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვანდალიზმი
აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შეიქმნა 2008 წელს, ხოლო 2015 წელს დაკორექტირდა. 2016 წლის აპრილიდან დაწყებულია აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს საგანგაშო დარღვევებითა და ვანდალიზმის ფაქტებით. აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ღირსშესანიშნავი ძეგლია.
სამწუხაროდ და ძეგლის საზიანოდ, ჩემი, როგორც პროექტის ავტორისა და არქიტექტურული ზედამხედველის რჩევები და რეკომენდაციები ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში არ გაითვალისწინა არც შემსრულებელმა კომპანიამ და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა. უგულებელყოფილი იყო ჩემი რეგულარული ანგარიშები, სადაც ასახულია ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მძიმე დარღვევები, რომელიც საჭიროებდა მყისიერ რეაგირებას.
ამ ანგარიშებში ასახულ პრობლემატიკას პუნქტების სახით საჯაროდ ვაქვეყნებ:
1. შემსრულებელი სამშენებლო კომპანიის შერჩევა უნდა მომხდარიყო საპროექტო ჯგუფისა და კომპეტენტური პირების აზრის გათვალისწინებით (არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელოვანებისა და სირთულიდან გამომდინარე), რაც არ მოხდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს გენერალური დირექტორის ბატონი ნ. ანთიძის მხარდაჭერით ჩაბარდა კომპანია ,,ივერთმშენს", რომელმაც ვერ ითანამშრომლა საპროექტო ჯგუფთან.
2. ფიზიკური სამუშაოების დაწყებისთანავე პროექტის კონსტრუქტორთა ჯგუფს, რომელიც მზად იყო გაეწია ძეგლზე საავტორო საზედამხედველო სამუშაოები კომპანია ,,ივერთმშენის" ხელმძღვანელი დაუპირისპირდა და ჩაანაცვლა თავისი წარმომადგენლით, რომელიც ვერ აკორექტირებდა სამუშაოების პროცესში ძირითადი კონსტრუქციული პროექტის რიგ პრობლემურ კვანძებს.
3. საავტორო არქიტექტურულ ზედამხედველობას გარკვეული პერიოდი ვასრულებდი ა(ა)იპ არქიტექტურული აზრის განვითარება ,,ერდო"-ს არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი. რესტავრაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების კვალიფიციურად განსახორციელებლად უშუალოდ ვმონაწილეობდი ფიზიკურ სამუშაოებში (ბურჯების მარკირება და დაშლა-აწყობა). ჩემი მოთხოვნა იყო, რომ კომპანია ,,ივერთმშენის" ხელმძღვანელს შეეცვალა ბურჯების პნევმატური ჩაქუჩით არაპროფესიონალურად გადამუშავებული ქვები, რაც არ სრულდებოდა კატეგორიულად. მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენლის მოთხოვნის შემდგომ გახდა კომპანია იძულებული მოეხდინა სვეტებისა და ბურჯების ქვების დემონტაჟი.
4. სვეტებისა და ბურჯების ადგილზე ზუსტად დასასმელად საჭირო იყო ტრიანგულაციის პრინციპით "უტოჩად" პროგრამაში შესრულებული გეგმიდან მათი სიზუსტით გადმოტანა-გადამოწმება, რაც არ შესრულდა.
5. ჩემი მოთხოვნის მიხედვით, კირის ჩასაქრობად უნდა დამზადებულიყო რკინის მარტივად გადასაადგილებელი წყალგაუმტარი რეზერვუარები, მაგრამ ადგილზე დამხვდა ტაძრის ჩრდილოეთ ფასადთან მიწაში მოწყობილი ბეტონის ორმო, რომლიდანაც კირიანი წყალი გაედინებოდა მიწაში (სავარაუდოდ, არქეოლოგიურ ფენებში). კირის ჩაქრობა ამ ფორმით არქიტექტურულ ძეგლთან და არქეოლოგიურ უბანთან ახლოს დაუშვებელია…
6. პროექტირების პროცესში ჩემს მიერ მარკირებულ და აზომილ იქნა სოფლის გაღმა (მტკვრის მეორე ნაპირთან) გატანილი ტაძრის კუთვნილი 4000-მდე ქვა, რომელიც Excel-ის პროგრამაში განთავსდა. ნოუთბუქის გამოყენებით შესაძლებელია ადგილზე (ძეგლზე) სწრაფად მოვიძიოთ, ეტაპობრივად გადავიტანოთ და მოვათავსოთ ქვები ტაძრის წყობაში (მოძებნა შესაძლებელია: მდებარეობის, მარკირების ფერის, ტიპის, მარკირებული ქვის ნომრის, ქვის კლასიფიკაციის, ვარგისიანობის, ქვის გაბარიტული ზომების, ფოტოს, შაბლონისა და ცალ-ცალკე გაბარიტული ზომების მიხედვით). ამგვარად, საჭირო ქვების მოსაძებნად აუცილებელია კომპიუტერული უნარებისა და უშუალოდ Excel-ის პროგრამის მცოდნე სპეციალისტი ადგილზე.
7. მეთოდურად სრულებით გაუმართლებელია ტაძრის სარკმლების ახლადშექმნილი ჩუქურთმებიანი საპირეების დამონტაჟება, მაშინ როდესაც გამოუყენებელია ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტული ავთენტური ორნამენტული ქვები. ასევე გამოუყენებლად ყრია მარკირებული ბურჯის ქვები, რომლის სანაცვლოდ თლიან ახალს..." (წყარო)
ამ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს მივმართეთ, აი, რას პასუხობს დასმულ შეკითხვებს ნიკა ანთიძე:
- რასაც წერენ, ყველაფერი თითიდან გამოწოვილია! ძალიან არაკვალიფციური და არაპროფესიონალური მიდგომაა საკითხის მიმართ! ეს ადამიანები ზუსტად თვენახევრის წინ იყვნენ ძეგლზე, მაგრამ დღევანდელ დღეს ელოდნენ, ახალი მთავრობის წარდგენას... სურდათ საკითხი აეწიათ! ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხზე გვაქვს პასუხი თუ რა, როგორ მიმდინარეობს!
- არ მიმდინარეობს რესტავრაცია დარღვევებით? - სრული პასუხიმსგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რესტავრაცია დარღვევებით არ მიმდინარეობს! პროექტის ავტორს – გოგოთურ მისრიაშვილს საკმაოდ სოლიდური თანხა გადავუხადეთ პროექტირებისთვის. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალურად ის პროექტი გამოუყენებელია, ბევრი შეცდომების გამო! როდესაც დავიწყეთ რეაბილიტაციის პროცესი, ფიზიკური სამუშაოები, ქვების უმეტესობა არ იყო გაზომილი და შესაბამისად, ერთმანეთს არ ემთხვეოდა. არ იყო გააზრებული კარიბჭის ნაწილი... მთელი რიგი პრობლემები იყო და ამიტომ გაერთიანებული საბჭო შედგა საპატრიარქოსი და სააგენტოსი. გაერთიანებულმა საბჭომ ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტის თავდაპირველი ავტორი – სოსო ბანძელაძე იქნებოდა პროექტის ხელმძღვანელი... ამ პროექტში კონსულტაციებს ასევე გოგოთურ მისრიაშვილი ასრულებს და მან სამუშაოებთან ერთად ახალი პროექტის შექმნა დაიწყო. დღესაც რესტავრაციასთან ერთად პროექტირების პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს – ზუსტდება ქვების ზომები, ყველა დეტალი... რაც შეეხება მოყვანილ არგუმენტს, იქ რაღაც ქვები აწყვია და არ იყენებენო, რა თქმა უნდა, ყველა ქვა დასაბუთებულად იქნება გამოყენებული! არსებობს რაღაც ქვები, რომლის დადგენაც მისი დანგრევიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია თუ სად იყო და როგორ იყო. ამიტომ ეს ქვები ამისთვის უკვალოდ არ დაიკარგება! ნიკა ვაჩეიშვილის კომენტარები იყო, თურმე ავთენტურობა დაცული არ არის რესტავრაციის დროსო, ბოდიშს ვიხდი და შეადარონ ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე პროცესებს! სადაც 150 ქვა ჰაერშია დარჩენილი და იქ დარღვევებმა გამოიწვია ბაგრატის ტაძარი რომ იუნესკოს სიიდან ამოიღეს! ამიტომაც ჯერ მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ, სხვა ძეგლზე ისაუბრონ!
პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, გაერთიანებული საბჭოები მუდმივ მონიტორინგს უწევენ აწყურში მიმდინარე რესტავრაციას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არქეოლოგია სრულფასოვნად ჩატარდა! არქეოლოგიური სამუშაოების დროს იქვე სხვა ეკლესია აღმოჩნდა, რომლის კონსერვაციაც მოხდა, ამ ძეგლის რესტავრაციის სამუშაოებს ხელი რომ არ შეშლოდა. შემდგომში იმ ძველ ეკლესიას ჩაუტარდება აღდგენითი სამუშაოები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა წარმოსაჩენი რომ იყოს!
კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირადი ანგარიშსწორება აქვთ! გოგოთურ მისრიაშვილი განაწყენებულია იმიტომ, რომ მას ჰქონდა სურვილი თვითონ განეხორციელებინა სარესტავრაციო პროცესი, მაგრამ უფრო კვალიფიციური სამშენებლო კომპანია შეირჩა მრავალი ადამიანის მიერ!
ვიმეორებ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ არის წამოჭრილი! თვენახევრის წინ იქ ჩასული ადამიანები რატომღაც გუშინდელ დღეს ელოდებოდნენ, როდესაც სამთავრობო ცვლილებები მოხდა!
ფოტოები: გოგოთურ მისრიაშვილი
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)