"ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ ორჯერ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც ახმედ ჩატაევს შეხვდა"
ტერორიზმის საქმის პროკურორის, ნანა ხუნჯუას განცხადებით, ბრალდებულმა ანატოლი ბერძენიშვილმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ "თურქეთის რესპუბლიკაში ორჯერ იმყოფებოდა, სადაც ახმედ ჩატაევს საქართველოში მისი შემოყვანის საკითხთან დაკავშირებით ესტუმრა".
როგორც პროკურორმა სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახმედ ჩატაევთან კავშირს ბრალდებული ზურაბ იდოიძე უარყოფს, ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილი კი ადასტურებს, რომ ჩატაევთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
რაც შეეხება ბრალდებულ რუსლან ალდამოვს, პროკურორის თქმით, ისიც არ უარყოფს ჩატაევის ჩამოყვანას საზღვრისპირა რეგიონიდან თბილისამდე.
მისივე განმარტებით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენება აღნიშნულმა სამმა ბრალდებულმა მისცა, ხოლო შოაიაფ ბორზიევმა დუმილის უფლებით ისარგებლა.
"პირები, რომლებმაც დღეს პროცესზე ჩვენება მისცეს, ბრალდებულნი არიან ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში, რესურსებით უზრუნველყოფასა და თავშესაფრის მიცემისთვის. მიუხედავად იმისა,რომ ისინი არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებებს, ვფიქრობთ, რომ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ რიგ შემთხვევაში, მათ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მოუწიათ. კერძოდ, ბრალდებულებმა, მათ შორის ანატოლი ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ ორჯერ ჰქონდა თურქეთში ვიზიტი ახმედ ჩატაევთან მისი საქარათველოში შემოყვანის თაობაზე. შეხვდა მას და შემდეგ უკვე, როდესაც მესამედ იყო გადასული ანუ რა პერიოდსაც მას ედავება ბრალდება, რომ სწორედ ამ პერიოდში მოახდინა საზღვრამდე ჩატაევის მიცილება, ამაზე განაცხადა, რომ მესამე გადასვლის დროს ის იყო პირად საქმეზე, რომლის დაკონკრეტებაც სასამართლო სხდომაზე არ ისურვა. რაც შეეხება რუსლან ალდამოვს, მან დაადასტურა, რომ საქართველოში შემოსული ჩატაევი ჩამოიყვანა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩამდე, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს შიშით და იძულებით გააკეთა, ვინაიდან სხვა ბრალდებულმა წაიყვანა ის საზღვრისპირა რეგიონში და იქ ნახა ჩატაევი. შემდგომ კი იძულებული იყო, რომ ის ჩამოეყვანა. რაც შეეხება ზურაბ იდოიძეს, მან განაცხადა, რომ იმყოფებოდა თურქეთში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ბრალდება მას ედავება, რომ გადავიდა თურქეთში და საზღვრამდე ჩატაევის ტრანსპორტირება მოახდინა. მან დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო თურქეთში, თუმცა აღნიშნა, რომ ის 2 დღის განმავლობაში იყო ბინაში დატოვებული, ხოლო ამავე პერიოდში მასთან ერთად გადასული ზურა გორნაკაშვილი ვის შეხვდა, რა მოიმოქმედა მან, მისთვის უცნობია. იდოიძემ ჩატაევთან ყველანაირი კავშირი უარყო", - განაცხადა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის ბრალდებული პირების: იდოიძის, ალდამოვისა და ბერძენიშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი 14:00 საათიდან მიმდინარეობდა. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დასრულდა. სასამართლოს შემდეგი პროცესი პროკურატურის დასკვნითი სიტყვის წარდგენით გაგრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"