"თუ ეს მთავრობა იგივე პროგრამით უნდა აირჩიოთ, რაც გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა, იმ კაცს სახლში რატომ უშვებდით?"
მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში თითქმის "კოფი-ფეისტით" არის გამოდმოტანილი გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო პროგრამა - თუ ეს მთავრობა იგივე პროგრამით უნდა აირჩიოთ, იმ კაცს სახლში რატომ უშვებდით? - აღნიშნული კითხვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, უმრავლესობას უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმართა.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
"კოლეგებო, გადაშალეთ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის პირველი გვერდი. წინასიტყვაობა გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოდგენილი პროგრამის წინასიტყვაობას შევადარე და ჰოი საოცრებავ! ოთხი აბზაციდან ორი სრულად, კოფი-ფეისტით არის გამოდმოტანილი, ხოლო ერთი - ნაწილობრივ. შეგიძლიათ გაჰყვეთ დანარჩენ ტექსტს. თუ იგივე პროგრამით უნდა აირჩიოთ ეს მთავრობა, იმ კაცს რატომ უშვებდით სახლში?! თუ სამთავრობო პროგრამას ინფრასტრუქტურის განვითარების გვერდზე გადავშლით, აქაც 90% არის იგივე ტექსტი. წაშლილი არის მხოლოდ ერთი წინადადება - კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილს ეწერა და ამაზე ზურაბ ალავიძეც ბევრს ლაპარაკობდა, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5-მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა. აქედან ყველაფერი გადმოიტანეთ და მხოლოდ ეს წინადადება წაშალეთ, რომ რიცხვი არ იყოს და შემდეგ პასუხი არ მოგკითხოთ. რატომ წაშალეთ, არ გაქვთ იმედი, რომ ამ კილომეტრაჟის გზას დააგებთ?" - მიმართა ჭიაბერაშვილმა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.