კახეთში ჩამოვარდნილი "სუპერპუმა"
ქართული ციდან რუსული Ми-с ჩამოვარდნილა და ამერიკული "იროკეზიც". სამწუხაროდ, ახლა ფრანგული "სუპერპუმას" დროც დადგა...
12 ივლისს, დილით, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია: "მიმდინარე წლის 12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020 - კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან", ავარიული დაშვება განახორციელა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა.
ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ."
ყველა გადარჩა და მთავარი ეს არის, თუმცა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასე ძვირად ღირებული შვეულმფრენი დაზიანდა. მისი აღდგენა-არაღდგენის საკითხს, ალბათ, სპეციალისტები შეისწავლიან და დასკვნასაც გამოაქვეყნებენ.
რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ავარიული რანგის შემთხვევა, რომელიც ავიაკატასტროფად არ მიიჩნევა, რადგან, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა?
საავიაციო შემთხვევების გამომწვევი სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: რთული მეტეოროლოგიური პირობები (მაგალითად, ქარის მოულოდნელი დაბერვა შვეულმფრენის დაჯდომის მომენტში), ტექნიკური გაუმართაობა (მაგალითად, ძრავების ან რედუქტორის ბრუნვების დაცემა) და ეკიპაჟის შეცდომა (ქარის მიმართულების გაუთვალისწინებლობა, ხრახნებით ხის ან მიწის წამოდება და ა.შ.). შეიძლება მათგან ორი მიზეზი ერთმანეთს დაემთხვეს კიდეც.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭირო იქნება ავარიაგანცდილი შვეულმფრენის "შავი ყუთის" გაშიფვრა ფრენის პარამეტრების, ძრავებისა და რედუქტორის მუშაობის და, რა თქმა უნდა, ეკიპაჟის მოქმედების გასაანალიზებლად.
დამტვრეული შვეულმფრენი ერთ-ერთია იმ ორი "სუპერპუმადან", რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში 92 მლნ ლარად შეიძინეს. ამ თანხად მაშინ არანაკლებ 6-8 მოდერნიზებული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის ყიდვა შეიძლებოდა, რომლებიც ასე საჭიროა სამაშველო ოპერაციებში და ტყის ხანძრების ჩასაქრობადაც გამოგვადგებოდა, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიპ-შვეულმფრენით ფრენა არჩია...
ისე, სასაზღვრო პოლიციის ავიაციას ბოლო დროს არ უმართლებს - 2017 წლის 27 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე სოფელ დაბასთან, მდინარე გუჯარეთისწყალში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის Ми-8МТБ-1 ტიპის შვეულმფრენი ჩავარდა.
ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც შვეულმფრენი დაგუბებული მდინარიდან სახანძრო კალათით წყალს იღებდა დარჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად. შვეულმფრენი წყალში ათიოდე მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის სამივე წევრი და ერთი მაშველი ცოცხალი გადარჩნენ, თუმცა სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. მაშინ ამ ავარიის მიზეზად ორივე ძრავის სიმძლავრის მოულოდნელი დაცემა დასახელდა. შვეულმფრენის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
დღეისათვის საქართველოში შვეულმფრენების პარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია. საჭირო რომ გახდეს, სახელმწიფო სტრუქტურების მხოლოდ 4-5 შვეულმფრენის ერთდროულად აფრენა თუ იქნება შესაძლებელი და ისიც - დიდი შიშით, რადგან მათი საფრენოსნო რესურსი იწურება და კაპიტალური რემონტი სჭირდებათ.
არადა, შვეულმფრენების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, რაც გასული წლის ტყის ხანძრებმაც კარგად დაგვანახა.
გამოსავალი რამდენიმეა - არსებული საბჭოთა წარმოების Ми-8МТ-ების კაპიტალური რემონტი (ძრავებისა და რედუქტორების ჩათვლით), რაც უკრაინაშიც შეიძლება, ან ამერიკული "იროკეზის" ტიპის მეორეული შვეულმფრენების (ოღონდ, სასურველია, ორძრავიანების) შეძენა. ფრანგული "სუპერპუმების" პარკის გაზრდა მათი სიძვირის გამო რეალური არ ჩანს.
მთაგორიანი საქართველოსთვის შვეულმფრენების პარკის სასწრაფო განახლების პრობლემაზე "კვირის პალიტრა" დიდი ხანია, წერს. ისე ნუ მოვიქცევით, რომ მთაში ჩარჩენილი, გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების საევაკუაციოდ ერთი შვეულმფრენის გაშვებაც აღარ შეგვეძლოს და ისევ მეზობელი ქვეყნების იმედად დავრჩეთ.
ირაკლი ალადაშვილი