ყველაზე ლამაზი ჯაშუში ქალები - კვირის პალიტრა

ყველაზე ლამაზი ჯაშუში ქალები

”ჯაშუშური სკანადალი” - ამ და სხვა სათაურებით ცოტა ხნის წინ აჭრელებული იყო მსოფლიო პრესა. ამერიკაში რუსეთის ათამდე ჯაშუში დააკავეს, მათ შორის სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონი ანა ჩეპმენი. მოგვიანებით მედიაში ანას "გულახდილი" ფოტოებიც გამოჩნდა, სადაც ჯაშუში ქალი თითქმის შიშველი პოზირებდა. სასიამოვნო გარეგნობის ჯაშუშმა სხვადასხვა გლამურული ჟურნალიდან ფოტოსესიისთვის შეთავაზებაც კი მიიღო. იმასაც ამბობენ, მასზე ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენო. ისტორია კი სხვა ლამაზმან ჯაშუშ ქალებსაც მრავლად იცნობს.

ვიოლეტ საბო - ლეგენდად ქცეული ხანმოკლე ცხოვრება

1921 წლის 26 მაისს დაბადებულ ვიოლეტს მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა – ფრანგი. ოჯახი ჯერ პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ვიოლეტი ფრანგული ლეგიონის კაპიტანს ეტიენ საბოს შეხვდა, შეუყვარდა და და ცოლადაც გაჰყვა. მათი თაფლობის თვე სულ რაღაც ერთი კვირა გაგრძელდა, რადგან ეტიენი საიდუმლო დავალების შესასრულებლად ინგლისიდან გაემგზავრა.

უკან დაბრუნებულს მალევე მოუხდა ჩრდილოეთ აფრიკაში ისევ საიდუმლო მისიის შესასრულებლად გამგზავრება. ამასობაში ვიოლეტს გოგონა შეეძინა. სამწუხაროდ ეტიენი აფრიკიდან ვეღარ დაბრუნდა... ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული, როდესაც ვიოლეტმა ვინმე მისტერ პორტერისგან წერილი მიიღო, რომელიც შეხვედრას სთხოვდა. ფრანგულად კარგად მოლაპარაკე ვიოლეტს ჯაშუშობა შესთავაზეს, ისიც დათანხმდა. ლამაზმა და მამაცმა ქალმა ხანმოკლე, მაგრამ ლეგენდად ქცეული ცხოვრებით იცხოვრა. ბრიტანეთის სადაზვერვო დივერსიული განყოფილების წევრი 1943 წლიდან სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. 1944 წლის 7 ივნისს, საბო საგანგებო დავალებით გერმანელების მიერ ოკუპირებულ ფრანგულ ქალაქ ლიმოჟაში, დესანტთან ერთად პარაშუტით დაეშვა. დავალება ზედმიწევნით შეასრულა, მაგრამ უკან რომ ბრუნდებოდა, გზად სატანკო დივიზიას გადაეყარა. დააკავეს და დაკითხვაზე პარიზში გესტაპოში გააგზავნეს.

პარიზიდან კი პირდაპირ საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი, სადაც 1945 წლის იანვარში 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არაერთგზის წამების მიუხედავად საბო არ გატყდა, მას გესტაპოს თანამშრომლებმა ზურგში ესროლეს. გარდაცვალების შემდეგ ჯაშუში ქალი გეორგიევსკის ჯვრით დააჯილდოვეს. ჯილდო საბოს ხუთი წლის ქალიშვილს თვით ინგლისის მეფემ გეორგ VI-მ გადასცა.

KvirisPalitra.Geვირჯინია ჰოლი - უშიშარი კოჭლი ლედი

ვირჯინია ამერიკაში, ბალტიმორში დაიბადა. მამა რამდენიმე კინოთეატრს ფლობდა, ამიტომ გოგონას უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა და კარგი განათლებაც მიიღო. 1931 წელს ის პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ამერიკის საელჩოში დაიწყო მუშაობა. მაშინ ფიქრობდა, რომ დიპლომატია მისი ერთადერთი პროფესია იქნებოდა.

პოლონეთის გარდა, რამდენიმე წელი იმუშავა თურქეთსა და ავსტრიაში. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო ფეხი დაკარგა.

მისი ნაკლი მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დასაწყებად. ვირჯინია კარგად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებს. 1941 წელს ბრიტანეთის სპეციალურმა განყოფილებამ მათთან თანამშრომლობაზე დაიყოლია.

გაზეთ ”ნიუ-იორკ პოსტის” რეპორტიორის სახელით ის საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობა ჩამოაყალიბა. ვირჯინიას კოდური სახელი მარი იყო. ბევრჯერ დაუსხლტა ხელიდან ნაცისტებს... ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ყველაზე მოხერხებული ჯაშუში ქალი ინვალიდი იყო.

სხვათა შორის, გესტაპოს ვირჯინია ყველაზე სახიფათო ჯაშუშად მიაჩნდა. მოგვიანებით ЦРУ-სთან დაიწყო თანამშრომლობა და 76 წლის ასაკში, ვაშინგტონში ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

KvirisPalitra.Geქრისტინა გრანვილი - ჩერჩილის საყვარელი ჯაშუში

17 წლის იყო, როდესაც ”მის პოლონეთის” ტიტული მოიპოვა. მასზე ამბობდნენ, ჩერჩილის საყვარელი ჯაშუშიაო.

ქრისტინა პოლონეთში მდიდარი ებრაელი ბანკირის ოჯახში დაიბადა. როდესაც ფაშისტური გერმანია პოლონეთს დაესხა თავს ის ნებაყოფლობით თანამშრომლობდა ბრიტანულ დაზვერვასთან. ქრისტინა ხელმძღვანელობდა საიდუმლო ქვედანაყოფს, რომელსაც პოლონეთში შეიარაღება შეჰქონდა. უნგრეთში ყოფნისას ქალმა ოფიცერი ანდრეი კოვერსკი გაიცნო, დაუახლოვდა და ერთად განაგრძეს თანამშრომლობა ევროპულ დაზვერვით სამსახურებთან.

1941 წელს ქრისტინა და ანდრეი გერმანულმა პოლიციამ დააკავა. ქალმა იმდენი მოახერხა, რომ დააჯერა პოლიციელები, თითქოს ჭლექი ჰქონდა. ენას კბილებით იკვნეტდა, რომ პირიდან სისხლდენის იმიტირება მოეხდინა. მიზანს მიაღწია და მალევე გაათავისუფლეს სატუსაღოდან. მალე ისევ დაიჭირეს, ამჯერად გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და ორმაგ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ამბობენ, რომ მწერალმა იან ფლემინგმა თავისი პირველი რომანისთვის –  ”კაზინო როიალი”, ვესპერ ლინდის პერსონაჟისთვის სწორედ ქრისტინას პროტოტიპი შეარჩია. სილამაზის გარდა ქრისტინას მთავარ ჯაშუშურ ღირსებად რამდენიმე ენის უბადლო ცოდნა და სხარტი აზროვნება მიიჩნეოდა. მრავალი დამსახურების მიუხედავად, ქრისტინა ომის დამთავრების შემდეგ ჩამოაცილეს საიდუმლო სამსახურს. 1952 წელს კი ყოფილი ჯაშუში ქალი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში. დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან სხეული ერთიანად დასახიჩრებული ჰქონდა. მისი მკლელობის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობია, თუმცა ოფიციალური ვერსიით ის მეთევზემ მოკლა, რომლის სიყვარულიც ქრისტინამ უარყო.

KvirisPalitra.Geნენსი ზვონოკი - ძვირად ღირებული ჯაშუში

მეორე მსოფლიო ომის დროს მას ყველაზე მამაც ქალად მიიჩნევდნენ.

ავსტრალიაში გაიზარდა, მაგრამ ომი რომ დაიწყო, საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მალე მაღალკვალიფიციურ ჯაშუშად იქცა...

ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში სახლიდან გაქცეულა და მედდად დაუწყია მუშაობა.

შემდეგ ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა, რამდენიმე გაზეთთანაც თანამშრომლობდა. ჯაშუშად მუშაობის დროს ის გერმანიის საიდუმლო პოლიციაში ირიცხებოდა და ამავე დროს საფრანგეთის წინააღმდეგობის ჯაშუში იყო.

ძალიან ფრთხილობდა რადგან გესტაპო ისმენდა მის სატელეფონო საუბრებს, მის ფოსტას კითხულობდა. 1943 წელს გესტაპო მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ძებნა გამოაცხადა. იმ დროს ნენსი ყველაზე ძირად შეფასებული ძებნილი იყო, რადგან გერმანიის საიდუმლო პოლიცია მზად იყო ჯაშუშ ქალში 5 მილიონი ფრანკი გადაეხადა.

ნენსიმ მარსელიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ მისი ქმარი დააკავეს და წამებით მოკლეს.  ქალი არაერთხელ დაშვებულა მტრის ტერიტორიაზე პარაშუტით. ამბობდნენ, რომ შიშველი ხელებით გუშაგი ჰყავდა მოკლული. განგაში რომ არ ამტყდარიყო, საძილე არტერიაზე თითების მიბჯენით გაუგუდავს.

ომის დამთავრების შემდეგ ის ავსტრალიაში დაბრუნდა და პოლიტიკაში ჩაერთო. გასული წლის მონაცემებით, თითქმის ასი წლის ნენსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ლონდონში ცხოვრობდა.

KvirisPalitra.Geმატა ჰარი - აგენტი H 21

ეგზოტიკური ცეკვების ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი, არაჩვეულებრივი სილამაზის ქალი, საოცრად გრაციოზული, მომაჯადოებელი პლასტიკით და ამავე დროს ჯაშუში – ჰოლანდიური წარმოშობის ქალბატონი, ფსევდონიმით მატა ჰარი. მარგარეტ ჰერტრუდა ცელე 1876 წლის 7 აგვისტოს, ჰოლანდიურ ქალაქ ლაუვარდენეში, მექუდის ოჯახში დაიბადა. მალე მამამისი გაკოტრდა და გადაიკარგა, დედა კი გარდაიცვალა. ობოლი გოგონა აღსაზრდელად ბიძამ წაიყვანა. გოგონა იზრდებოდა და ღარიბული პროვინციული ცხოვრება ნელ-ნელა ბეზრდებოდა. იგი თავგადასავლებზე და შორეულ ქვეყნებზე ოცნებობდა. ერთხელ, გაზეთის კითხვისას, ვინმე რუდოლფ მაკლეოდის, კოლონიური ჯარების კაპიტნის განცხადებას წააწყდა, რომელიც მომავალ მეუღლეს ხელსა და გულს სთავაზობდა. გავიდა ცოტა დრო და მარგარეტი კაპიტნის მეუღლე გახდა... თუმცა მისი ქმარი ბოროტი და სასტიკი ადამიანი აღმოჩნდა. ამიტომ 1903 წელს ქალი ევროპაში დაბრუნდა.

პარიზში ჩამოსულმა მარგარეტ ცელე-მაკლეოდმა ცირკში მხედრად დაიწყო მუშაობა, მალე კი ესტრადაზე გავიდა. აღმოსავლური ცეკვების არაჩვეულებრივმა სანახაობამ, რასაც თან ახლდა სტრიპტიზი, შეძრა ომამდელი ევროპა. მატა ჰარის ფეხქვეშ იყო გართხმული პარიზი, ვენა, ბერლინი, ამსტერდამი, რომი და მონტე კარლო. მის ქისაში ფული თავისით ცვიოდა. ყიდულობდა ვილებს, ფასიან ქაღალდებს, თუმცა ეს ყველაფერი სადღაც გაქრა, ვალებში აღმოჩნდა და იძულებული შეიქნა დამალვოდა კრედიტორებს.

არსებობს უამრავი ვერსია, როგორ გახდა მატა ჰარი გერმანიის აგენტი. ერთ-ერთის მიხედვით, იგი ჯაშუში გახდა 1914 წლის ომამდე, კაპიტან მაკლეოდთან გაყრისთანავე. ამ ვერსიის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ გერმანულ დაზვერვაში იგი ირიცხებოდა, როგორც აგენტი H-21. ასო H-ით მხოლოდ ძველი ომამდელი აგენტები აღინიშნებოდნენ.

სხვა ვერსიით, 1914 წლის ივლისში, ომის გამოცხადების დღეს, ქალი ბერლინის პოლიციის უფროსთან ერთად რესტორანში  უნახავთ. ამ ფაქტის საფუძველზე შემდგომში ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მაშინ გადაიბირა მან მატა ჰარი და მისი საყვარელიც გახდა.

1916 წელს, საშობაო დღესასწაულის შემდეგ, ქალი პარიზში გაემგზავრა. ამ ვიზიტით გერმანელებს საინტერესო ინფორმაციის მიღების იმედი ჰქონდათ. მატა ჰარის კი იმედი ჰქონდა, დამსახურებულ მილიონს მიიღებდა... ფრანგული კონტრდაზვერვა კი ზეიმობდა, რომ ”ჩიტუნა” თავად მიფრინავდა მისთვის გამზადებულ ხაფანგში. 13 თებერვალს  ფრანგულმა პოლიციამ მატა ჰარი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს... დახვრეტის წინ ითხოვა, თვალები არ აეხვიათ. იღიმოდა და ნეტარი სახით ცას შეჰყურებდა...