"საკანონმდებლო ცვლილებით მომხმარებელი ვადაგადაცილებისგან დაცული ვერ იქნება“ - რას ურჩევს სპეციალისტი მოვალეებს
"საკანონმდებლო ცვლილება ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მომხმარებელი დაცული იქნება ვადაგადაცილებისაგან“, - ასე ეხმაურება ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციებს შპს "ტვინო“ საქართველოს დირექტორი ბაჩანა რაფავა. მისი თქმით, "თითოეულმა მსესხებელმა გაანალიზოს საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა, გაეცნოს სესხის პირობებს, შეაჯეროს სესხის ვადები, მისი მიზნობრიობა, შეაფასოს საკუთარი გადახდისუნარიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოს ამა თუ იმ საკრედიტო პროდუქტით“.
სესხის აღება და შემდეგ მის დაბრუნებაზე გარკვეული მიზეზებით უარის თქმის შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია იზრდება. არადა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ბაჩანა რაფავას თქმით, როდესაც წარმოიშობა ვალდებულება, პირმა უნდა მოახდინოს ვალდებულების შესრულება. ზეპირსიტყვიერი შეთანხმებაც ვალდებულებას წარმოშობს, ამიტომ იმის მტკიცება მომხმარებლის მხრიდან, რომ არ გაეცნო ხელშეკრულებას ან არ იცოდა პირობები, არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისგან.
"სასესხო ვალდებულების დროული შეუსრულებლობისას მსესხებელი უპირველეს ყოვლისა ხვდება "კრედიტ ინფო საქართველოს“ ნეგატიურ მსესხებელთა სიაში, რაც ავტომატურად უარყოფით გავლენას ახდენს მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე და სრულად უზღუდვას მას სასესხო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობას დავალიანების სრულად დაფარვამდე. მხოლოდ სესხის დაფარვის შემდეგ ეცვლება მომხმარებელს სტატუსი "კრედიტ ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში. თუმცა, კომპანიები ძირითადად მიმართავენ პრაქტიკას, რომ ყოფილი ნეგატიური სესხის გამო, თავი შეიკავონ სესხის გაცემისაგან. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შესაძლოა, რამოდენიმე წლით შეუზღუდოს მსესხებელს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავდროულად, ვადაგადაცილებული სესხის თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მომხმარებლის მდგომარეობას“, - განაცხადა რაფავამ.
საბოლოო ჯამში, საქმე სასამართლომდე და შემდეგ უკვე აღსრულებამდე მიდის. ბაჩანა რაფავას თქმით, იმ მიზეზით, რომ საქმე არ მივიდეს სასამართლო დავამდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს საბანკო ანგარიშების დაყადაღება და ქონების იძულების წესით რეალიზება, კომპანიები მსესხებლებს სთავაზობენ სესხის რესტრუქტურიზაციას და მისი დაფარვის სხვა საშეღავთო პირობებს, მათი შემოსავლების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები დავალიანებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ და მოლაპარაკებების პროცესში დროულად ჩაერთონ“.
რაც შეეხება ზოგადადა მთავრობის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დამკვიდრების მიზნით დაწესებულ რეგულაციებს და საკანონმდებლო ცვლილებებს, რაფავას თქმით, ეს ძირითადად ემსახურება საზოგადოების დაცვას ჭარბვალიანობისაგან. თუმცა ამასთან, სპეციალისტი ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მომხმარებელი დაცული იქნება ვადაგადაცილებისაგან.
"მნიშვნელოვანია, თითოეულმა მსესხებელმა გაანალიზოს საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა, გაეცნოს სესხის პირობებს, შეაჯეროს სესხის ვადები, მისი მიზნობრიობა, შეაფასოს საკუთარი გადახდისუნარიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოს ამა თუ იმ საკრედიტო პროდუქტით. სწორედ ამ ყველაფრის შეუფასებლობა ხდება ვადაგადაცილების ძირითადი და უმთავრესი მიზეზი. ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების ფინანსური განათლების ამაღლება და ზემოთაღნიშნული ფაქტორების გაანალიზება“, - აცხადებს ბაჩანა რაფავა.
(R)