"ქართული სიმინდი უალტერნატივოა!"
ჩვენში სიმინდი ისეთივე საარსებო საშუალება იყო, როგორიც ხორბლის პური, მძიმე განსაცდელის ჟამს კი ზოგჯერ სიმინდი პურს მთლიანად ჩაანაცვლებდა ხოლმე. ეს დღესაც ასეა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, სადაც უმჭადო სუფრას იშვიათად ნახავთ. ეს გასაკვირი არც არის - რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქართველმა გლეხმა დაკვირვებითა და სელექციით უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშები გამოიყვანა. ამის მიუხედავად, ბოლო დროს ქართულ სიმინდს საფრთხე დაემუქრა როგორც ნათესების შემცირებით, ასევე უცხოური სიმინდის თესლის შემოდინებით, რომელიც, ძირითადად, ჰიბრიდულია, საფურაჟე.
როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში სიმინდის მოსავლის თვალსაზრისით და რა კეთდება ქართული სიმინდის ჯიშების შესანარჩუნებლად, ამის შესახებ აბაშის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სიმინისტროს საკონსულტაციო სამსახურის უფროსს დურმიშხან კილაძეს ვესაუბრეთ.
- ბოლო დროს, სამწუხაროდ, საქართველოში სიმინდის ნათესები შემცირდა, მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტშიც, რომელიც ტრადიციული მესიმინდეობის კერად ითვლებოდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიმინდს საფრთხე ემუქრება? - სიმინდის ნათესები მართლაც დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, თუმცა საქართველოში სიმინდს ვერავინ შეელევა. ჩვენში უმჭადოდ სუფრა არ იშლება, დასავლეთ საქართველოში კი ყოველდღიურ სუფრაზეც აუცილებელია მჭადი და ღომი. Aამასთან, სიმინდი მარცვლეულთა შორის ყველაზე დიდ მოსავალს იძლევა.
ჩვენში 35% ჰიბრიდული სახეობები ითესება, რომელთა თესლი უცხოეთიდან შემოდის, დანარჩენი ქართული ჯიშებია. ჰიბრიდული სახეობები, ძირითადად, საფურაჟედ გამოიყენება და არა საკვებად. მათი გემური თვისებები ვერ შეედრება ქართული ჯიშების გემურ თვისებებს. თუმცა, ჰიბრიდული სახეობები მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. როცა ქართული ჯიშები შეიძლება 3-4 ტონა მოვიდეს ჰექტარზე, ჰიბრიდული რამდენჯერმე მეტი მოდის.
ჰიბრიდული სახეობები მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებისთვის გამოჰყავთ. მაგალითად, ამერიკაში არის ჰიბრიდული სათესლე სიმინდის მწარმოებელი "პიონერი", რომელსაც 500-მდე ჰიბრიდი აქვს გამოყვანილი, მათ შორის, კვერცხისმდებლობის ამაღლებისთვის, პირუტყვის წონის მატებისთვის, სპირტის ან ზეთის საწარმოებლად და სხვ. კასპშიც მუშაობდა ქარხანა, რომელიც სიმინდისგან სპირტს ხდიდა. სიმინდის ჰიბრიდული სახეობები ჩვენთან "ლომთაგორაშიც" გამოჰყავთ მეცნიერებს და მუნიციპალიტეტებიც ვცდილობთ, გამოვცადოთ. მაგალითად, აბაშის მუნიციპალიტეტში 30-მდე ჰიბრიდული სახეობა გამოვცადეთ, ზოგიერთი ძალიან მაღალმოსავლიანი იყო, მაგრამ მათ გავრცელებას ხელს ის უშლის, რომ უცხოეთიდან შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის ფასი მაღალია. ტონაში 400 ლარი უნდა გადაიხადო, ამიტომ მისი ყიდვა ბევრს არ შეუძლია.
რაც შეეხება ქართული სიმინდის ჯიშებს, ისინი კვებითი ღირებულებით უალტერნატივოა, თანაც გლეხი კარგი ტაროებიდან თესლსაც საუკეთესოს არჩევს. მხცოვანი მესიმინდე მეცნიერებიც ძალიან ეხმარებიან საქართველოს. მაგალითად, "ლომთაგორაში" მუშაობს 87 წლის მესიმინდე მეცნიერი ზურაბ ჯინჯიხაშვილი, რომლის ცოდნა და გამოცდილება გაგაოცებთ. 5 წლის წინ თავად გადავეცი ფარცხანაყანეველ გლეხთან აღმოჩენილი საადრეო სიმინდის ქართული ჯიშის თესლი, რათა შეჯვარებით მისი მოსავლიანობა უფრო გაეუმჯობესებინა. საოცარი რამ მითხრა, ახლა აუცილებლად 5 წელიწადს უნდა ვიცოცხლო, რომ აქედან საუკეთესო ქართული ჯიში შევქმნაო. შექმნა კიდეც, წლეულს დავთესეთ 2 ჰექტარზე.
- ბოლო დროს ყველა მომხმარებელი ჩივის, რომ სიმინდის ფქვილმა გემო დაკარგა. ჰიბრიდული სიმინდის თესლს ხომ არ ურევენ? - არც უმაგისობაა. შემოტანილი ჰიბრიდული ჯიშები თითქმის ყველა ყვითელია, ამდენად მათ ჩვენებურ ფქვილს ვერავინ შეურევს, მაგრამ არის ჰიბრიდული სახეობა ბ10, რომელსაც ამერიკა ბურღულეულად იყენებს. აი, სწორედ ამ ჯიშს ურევენ ჩვენებურ ფქვილში, რადგან მისი თვითღირებულება ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვენებურისა.
ეს ჰიბრიდი აღმოსავლეთ საქართველოს ფერმერებსაც ჩამოაქვთ დასავლეთ საქართველოს წისქვილებში დასაფქვავად და მერე ქართულ ფქვილს ურევენ. ამას მხოლოდ ის უშველის, რომ სავალდებულო გახდეს პროდუქციაზე ეკოლოგიურობის დამადასტურებელი ნიშანი.
- იმ ყვითელ სიმინდზე რას იტყვით, რომელიც საქართველოში ათეული წლებია მოჰყავთ, პირუტყვს აჭმევენ, თუმცა ზოგიერთი საკვებადაც იყენებს. - თქვენ აბაშის ყვითელს გულისხმობთ. მასზე უკეთესი კვებითი და სამკურნალო ღირებულების სიმინდი არ არსებობს. სამეგრელოში მივირთმევთ კიდეც, უბრალოდ, სუფრაზე თეთრი ფქვილის მჭადმა აჯობა, თორემ მე ვიცი სპეციალისტები, რომლებიც ბევრს ეცადნენ, ის აფთიაქში ბავშვებისთვის შეეტანათ როგორც ბურღულეული.
საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ე.წ. პერუს წითელი ჯიშის სიმინდიც, რომელსაც ასევე სამკურნალო ღირებულებები აქვს. თავადაც მახსოვს, როგორ მიჰქონდათ ჩვენს ბაბუებსა და ბებიებს ამ სიმინდის გადანახული ტაროები, რომ ავადმყოფი პირუტყვი განეკურნათ.
წარმოიდგინეთ, ეს ჯიში რამხელა განძი იქნება ჩვენი მედიცინისთვის. როგორც რიგითი ქართველი, მის შესწავლას აუცილებლად მივიჩნევ. დარწმუნებული ვარ, ამით შთამომავლობას დიდ საქმეს გაუკეთებენ.
შავიც და ფერადიც
ფერადი სიმინდის ჯიში გამოიყვანა ამერიკელმა ფერმერმა ოკლაჰომიდან კარლ ბარნსმა და ბზინვარების გამო "მინის მარგალიტი" უწოდა. მის ერთ ტაროში შესაძლოა სხვადასხვა ფერის მარცვლები იყოს. ბარნსის წინაპრები სიმინდის მომყვანი ინდიელები იყვნენ, რომლებიც ადრეც ახერხებდნენ უცნაური ფერის სიმინდის მიღებას. აღსანიშნავია, რომ შემადგენლობით ფერადი სიმინდი ჩვეულებრივის მსგავსია, განსხვავებით შავი სიმინდისგან.
შავ სიმინდს ხოპის უწოდებენ ინდიელთა იმ ტომის სახელწოდების მიხედვით, რომლებმაც არიზონაში ეს ჯიში გამოიყვანეს. შავი ფერი განპირობებულია პროდუქტში ნატურალური ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით, რაც განაპირობებს შავი სიმინდის ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს. ზოგადად, შავ სიმინდის უპირატესობა სხვა ჯიშებთან აშკარაა.
ეთერ ერაძე