პროფკავშირები: "წელს, სამუშაო ადგილებზე 29 ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ შახტებში 11 ადამიანია დაღუპული"
2018 წელს, სამუშაო ადგილებზე, საწარმოო ტრავმების შედეგად, 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 მძიმედ დაშავდა, აქედან მხოლოდ შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია - 10, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექციის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა განუცხადა. როგორც კაკაშვილმა აღნიშნა, შახტებში მომხდარი შემთხვევების შედეგად მხოლოდ ქვედა რგოლების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი დგება, პირების, რომლებიც რეალური გადაწყვეტილების მიმღები არ არის.
რაც შეეხება ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ დღევანდელ შემთხვევას, როგორც კაკაშვილი აცხადებს, პირველადი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის აალებამ გამოიწვია.
"პირველადი ვერსიით, მეთანის აფეთქება მოხდა. ახლა ვარკვევთ დეტალებს", - განაცხადა კაკაშვილმა.
წინა შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 6 აპრილს მოხდა, კაკაშვილი ამბობს, რომ მაღაროში სამთო დარტყმა ან აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქება არ მომხდარა.
"ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით სამედიცინო ექპერტიზის და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. ამის გამო, უკრაინელ ექსპერტებსაც გაუჭირდათ დასკვნის გაკეთება, რომლებიც 6 აპრილის შემდეგ ტყიბულის მაღაროში მომხდარ შემთხვევას იკვლევდნენ. რამდენიმე ვერსიაა და გვიჭირს კონკრეტულ ვერსიაზე გასვლა, სანამ არ გვექნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - რა დაზიანებები მიიღეს გარდაცვლილებმა. ერთადერთი, რაც გამოირიცხა ნახშირის მტვრის აფეთქება იყო, რასაც საკმაოდ დიდი ნგრევა მოჰყვება ხოლმე; ნგრევას ადგილი არ ჰქონია. ასევე არ ყოფილა სამთო მასის დარტყმა, რასაც წინ უძღვის სეისმური ბიძგები, რაც არ დაფიქსირებულა.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შახტაში განხორციელდა საამფეთქებლო სამუშაოები. საამფეთქებლო მასალა, რომელიც გაცემული იყო, მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა, არც შემთხვევის ადგილზეა აღმოჩენილი ეს მასალა. შესაბამისად, აფეთქება მოხდა. ჩვენ უფრო ვაბრალებთ ადამიანურ ფაქტორს, უსაფრთხოების წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რამაც გამოიწვია ეს შემთხვევა. გამომწვევ მიზეზებზე საუბარი მხოლოდ კონკრეტული დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ შეგვეძლება", - აღნიშნა კაკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინელი ექსპერტების რეკომენდაცია იყო შახტებში სტაციონარული მეთანმზომები დაეყენებინათ, რაც მუდმივ რეჟიმში გაზომავს მეთანის კონცენტრაციას.
"ეს აპარატურა დააყენეს. ასევე, დაყენებულია შესაბამისი მოწყობილობები, რითაც შესაძლებელია იდენტიფიცირება რა უბანზე რამდენი ადამიანი მუშაობს. ასევე, იყო სხვა რეკომენდაციებიც, რაც არ შესრულებულა. ვფიქრობთ, სიტუაცია არ შეიცვლება, თუ არ მოხდა რეალური სტანდარტის მოთხოვნების შესრულება, რაც არეგულირებს შახტებში შრომის უსაფრთხოებას. გამორიცხულია, შახტებში უბედური შემთხვევები აღვკვეთოთ, ეს არის მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაო გარემო, რა ღონისძიებებიც არ უნდა გატარდეს, მსხვერპლს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ასეთი გახშირებული შემთხვევები არ დაფიქსირდება თუ სტანდარტებს დავიცავთ. მთავარი რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, ძველი გამომუშავებული ადგილების ამოქოლვაა, რომ იქედან არ მოხდეს მეთანის გამოტყორცნა. ეს არის ყველაზე საფრთხის შემცველი შახტებში. ასევე, მეთანს მუდმივად თუ გააკონტროლებენ, ასეთი შემთხვევა არ მოხდება", - განაცხადა კაკაშვილმა და დასძინა: პრობლემაა ისიც, რომ პასუხისმგებლობის საკითხი, ქვედა რგოლების წარმომადგენლების მიმართ დგება და არა რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პირების.
"2018 წელს, სამუშაო ადგილებზე, საწარმოო ტრავმების შედეგად, 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 მძიმედ დაშავდა, აქედან მხოლოდ შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია - 10. ყველა წინა შემთხვევაზე მხოლოდ ბრიგადის ხელმძღვანელების, ცვლის უფროსების, ოსტატების მიმართ დადგა პასუხისმგებლობა, რომლებიც მართლაც არიან პასუხისმგებლები სამუშაო პროცესის უსაფრთხოებაზე ადგილზე, შახტაში; თუმცა, სამწუხაროდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ ადამიანებს აქვთ და არა ზედა რგოლების წარმომადგენლებს, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ სიტუაციის შეცვლა ადგილებზე. რადგან ზედა რგოლების წარმომადგენლებს არ აქვთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნულ პროცესზე, ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სიტუაციის გამოსწორებას. უსაფრთხოების რეალური ღონისძიებები რომ გატარდეს შახტებში, ამას თანხები სჭირდება, რასაც ქვედა რგოლის წარმომადგენლები ვერ მოიზიდავენ, ისინი გადაწყვეტილების უნარიანები არ არიან.
წინა შემთხვევის შემდეგ ჩვენი ინიციატივა იყო რომ მაღარო დახურულიყო, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზეთ. მათ უნდა მოეწვიათ შესაბამისი ექსპერტები, ჩაეტრებინათ კვლევა და დასკვნის შესაბამისად გადაწყვეტილიყო, შესაძლებელია შახტის შემდგომი რეაბილიტაცია ისე, რომ რისკების შემცირება მოხდეს, თუ უნდა მოხდეს შახტის კონსერვაცია. ამაზე სამინისტრო დაგვთანხმდა. როგორც ვიცით, ოთხ კერძო ფირმასთან, მათი შრომის ინსპექტორებთან არის მოლაპარაკება და ერთ-ერთ ფირმასთან გააფორმებს სამინისტრო ხელშეკრულებას. კონსერვაციის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში ისევ დგას", - განაცხადა კაკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"