ქუმსიშვილი: "პროკურატურაში გამოკითხვაზე ვიყავი დაახლოებით 20 დღის წინ"
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით 20 დღის წინ იმყოფებოდა.
"პროკურატურაში გახლდით 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. მათ სურდათ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც მე გამაჩნდა, ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დადებული, სიმართლეს არ შეესაბამება. "დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. შესაბამისად, არანაირი ხელწერილი არ მაქვს დადებული",- განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე: არის თუ არა გამოძიება დაწყებული დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ეკონომიკის ექსმინისტრმა განაცხადა: "ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამ წუთში განმეორებით გამოკითხვაზე დაბარებული არ ვარ".
ქუმსიშვილის თქმით, მის მიმართ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ჭორები. "წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ეს ჭორები. ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ნათქვამი უარი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა, როგორც წესი შემდგომში ამ ადამიანებისგან მოდიოდა ჭორები. ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემი და ჩემი სახელის წინააღმდეგ მოდიოდა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"