"მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ" - რას ამბობს მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმე - კვირის პალიტრა

"მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ" - რას ამბობს მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმე

მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა განაცხადა. ნიკოლოზ იორდანაშვილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.

მოწმე ნიკოლოზ იორდანაშვილმა კომისიის წევრებს ის დეტალები მოუყვა, თუ როგორ მივიდა ხორავას ქუჩაზე და როგორ დაინახა მოზარდები ეზოში, თუმცა ამბობს, რომ მას დანა და დაჭრილი პირები არ დაუნახავს.

"მანქანით როდესაც შევედი ეზოში ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. შემდეგ ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ.

მე ეზოში ველოდებოდი, რომ ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგონე და უცებ ჩხუბი დაიწყო მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე ადგილზე ჩხუბობდნენ. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან არ მახსოვს. არ გამიხედავს თუ ვინმე მეფარებოდა ვერ ვიხსენებ. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ. წინ წაქცეული არავინ მინახავს.

არ მახსოვს მოჩხუბარი ბიჭების აღწერილობა. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა მაქვს. ასტიგმატიზმი მაქვს. ემოციურად ვიყავი ცოტა. ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი. .."-განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ამასთან, კომისიის სხდომაზე ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ გააშველა მოზარდები და აღნიშნა, რომ "მათი სიმრავლიდან გამომდინარე, ყველას ვერ გააშველებდა".