"ხორავას საქმის" მოწმე: "ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო" - კვირის პალიტრა

"ხორავას საქმის" მოწმე: "ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო"

ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო, - ასე განმარტა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა ის ფაქტი, რომ მან მოზარდების გაშველება არ სცადა. ნიკოლოზ იორდანაშვილი შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.

კომისიის წევრები დაინტერესდნენ ნიკოლოზ იორდანაშვილისგან მოახდინა თუ არა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ავტომობილის ხმოვანი სიგნალის საშუალებით მაინც მოზარდების დაწყნარება. ნიკოლოზ იორდანაშვილმა აღნიშნა რომ მას "სიგნალი" გაფუჭებული აქვს. ამასთან, მან ის დეტალები მოყვა თუ როგორ დატოვა ავტომობილით ეზოს ტერიტორია.

"ადრეც, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო. ეს ამბავი, ალბათ 90-იან წლებში მოხდა. ერთხელ დავიყვირე მხოლოდ როგორც მახსოვს, ნუ ჩხუბობთო. თუმცა ეს ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სიგნალს ის გაფუჭებული მაქვს. ჩემს წინ უცებ წამებში გამეხსნა გზა. როდესაც გზა გამეხსნა მაშინვე დავიწყე გამოსვლა. დავინახე, რომ გაიფანტნენ ბავშვები. ჩხუბი რომ დაიწყო მალევე გაიხსნა გზა. როდესაც ეზოდან გამოვედი, ეზოში ბავშვები კიდევ იყვნენ. ეზოს შესასვლელს კეტავდა მანქანაც. ვიკითხე ვისი იყო ეს მანქანა, ბიჭი მოვიდა და ჩაჯდა. ამ დროს გამორბოდნენ "არკიდან" ბიჭები. ამ დროს ჩემი მანქანა ნახევრად გარეთ იყო, ნახევრად კვლავ - "არკაში". ბავშვებმა გვერდზე ჩამირბინეს, თუმცა არ მახსოვს მათი აღწერილობა. ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ მანქანა გამეყვანა.

უკან არ გამიხედავს. ეზოდან ძალიან ნელა ვმოძრაობდი. ვერ გავიხსენებ მარცხნივ და მარჯვნივ რა ხდებოდა. კონცენტრაცია მქონდა იმაზე, რომ გამოვსულიყავი. სახეზე არ დამინახავს. ახლა გაკვირდებით და თქვენ სახეს აღვიქვამ. იქ წამებში ვერ მოვახერხე დაკვირვება. მე ეზოში მანქანიდან არ გადმოვსულვარ", -განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ამასთან, მან კომისიის წინაშე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მის თვალწინ არავინ მომკვდარა.

"მე მკვლელობის შესახებ დაკითხვაზე რომ ვიყავი, მაშინ გავიგე - იმავე საღამოს. როდესაც მანქანის გარეთ გამოყვანის შემდეგ კვლავ ეზოში დავბრუნდი, ყველანი შოკში იყვნენ - ისინი შოკში დაჭრის გამო იყვნენ. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვინმე გარდაიცვალა", -აღნიშნა იორდანაშვილმა.