"თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ"
თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
დავით ჭიჭინაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის „ახალი კონსტიტუციის ავტორობას უბრალოდ იჩემებდა".
"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. აქამდე ვიცოდი, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, ამას იჩემებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მიწის არ გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით - ჩემი და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის. გამოდის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
რაც შეეხება მის მიერ კობახიძის გადადგომის საკითხის გაჟღერებას, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ კობახიძის მეთაურობით პარლამენტს დაბალი რეიტინგი აქვს.
"დეპუტატები იმით არიან განსხვავებულები, რომ თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. მე სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. მე ჩემს მაგივრად ვსაუბრობ. შეგიძლიათ საზოგადოებრივი განწყობით გაარკვიოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძე ძალიან მაღალრეიტინგული ფიგურაა და საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მხარდაჭერა, მისი ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ თქვეს, რომ "პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა".
"თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე" , - განუცხადა გუშინ "ინტერპრესნიუსს" დავით ჭიჭინაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინვე განაცხადა, რომ დაგეგმილია სექტემბერში "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის შინაარსობრივი გადახედვა, ამაღლდება აღნიშნული კანონის სტატუსი და ის ორგანული კანონი გახდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაზეც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა, არასწორი ინფორმაციაა.
"მე შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ტყუილი ვუწოდო, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თმენის ვალდებულება მენიჭება, როცა საქმე დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს ეხება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ.