"დასავლეთის ორიენტირის გვერდზე ვარჩიე დგომა" - მიდის თუ არა თაკო ჩარკვიანი პოლიტიკაში?
"ვხედავ ჩუმ-ჩუმად ინსტიტუციურად როგორ ხდება ქვეყნის გადაბარება რუსეთისკენ"
"ჯანსუღ ჩარკვიანი ნინო ანანიაშვილის და გრიგოლ ვაშაძის ქორწილში თამადა იყო"
პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა, რომელიც ერთ დროს "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო და "ოცნების" ხელისუფლებას "კბილებით" იცავდა, დღეს მის წინააღმდეგ გაილაშქრა. "ოცნებას" უსამართლო სისტემას უწოდებს და ამის დასანგრევად "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგება, უფრო სწორად კი, პოლიტიკური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში ერთვება და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ამბობს, რომ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ უჭერს და ეს არის ერთგვარი სვლა, რომელიც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო. მის მოსაზრებებს უფრო დეტალურად მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:
თაკო ჩარკვიანი: - 6 წელია გამოვდივარ კრიტიკით, არ ჩამიმუხლავს. არ გამომიტოვებია სატელევიზიო ეთერი ამაზე რომ არ მესაუბრა, თუმცა ეს უსამართლო სისტემა, რომელიც დასანგრევია ვერაფერმა შეარყია. წინა ხელისუფლების დროს ვიცავდი შვილმკვდარ დედას, დღეს მომიწია და ვიცავ შვილმკდარ მამას. მე არც შტაბის წევრი ვარ და არც პოლიტიკოსი. ეს რომ მდომოდა, ამას აქამდე მოვახერხებდი.
- თუმცა აქამდე იცავდით "ქართულ ოცნებას" და აკრიტიკებდით "ნაციონალურ მოძრაობას"... - 2012 წელს ხმა "ქართულ ოცნებას" მივეცი. სააკაშვილის დროს კი გვირგვლიანის დედის გვერდით ვიდექი. ასევე გამოვდიოდი და მხარს ვუჭერდი ბუტა რობაქიძის ოჯახს. საშინელი დანაშაულებები ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბუნებრივია, მის წინააღმდეგ, ანუ "ოცნებას" მივეცი ხმა. მაგრამ ამ დროს ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა?! - სამართლიანობა აღადგინა თუ შვილმკვდარი მამები არ მიდიან პროკურატურასთან და თავის დაწვით არ იმუქრებიან?!.
ახლა პარტიული არჩევნები არ არის. ეს არის ერთი ინდივიდის პიროვნების არჩევა. ეს, რომ ყოფილიყო პარტიული არჩევნები, მანდ არ მივიდოდი. "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ.
- ანუ მხოლოდ ვაშაძის კანდიდატურას უჭერთ მხარს?
- საქართველოში არსებობს 2 ძალა - ეს არის დასავლეთის და რუსეთის ორიენტირი. ამიტომ დასავლეთის ორიენტირის გვერდზე ვარჩიე დგომა.
- თუმცა ვაშაძე არის იმ პარტიის წევრი და იყო სისტემის მონაწილე, რომელსაც თქვეენ აკრიტიკებდით? - კალაძე თუ არ არის "ნაციონალური" სისტემის მონაწილე და დამნაშავე, რომელიც აქტირად იყო ჩართული, თავი დროზე, სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში, ვაშაძის დანაშაულზე როგორ შეიძლება ლაპარაკი?! ის კულტურის მინისტრი იყო და მწერლებს სახლი დაუბრუნა. ეს ვერავინ სხვამ ვერ გააკეთა და მან შეძლო მიხეილ სააკაშვილის დროს. კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რა დანაშაული აქვს ჩადენილი?! კაცი, რომლის სახელ-გვარს უკავშირდება ყველა უსერიოზულესი გადაწყვეტილება, თუნდაც ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯი.
მე ვიცი მისი კონფლიქტები "ნაციონალურ მოძრაობასთან".
ზარდიაშვილი, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო, დღეს "ქართული ოცნების" რიგებშია. ამიტომ პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ფაქტია, უსამართლო სისტემა უნდა დავანგრიოთ. და თუ ესენი კონკურენციის რეჟიმში არ აღმოჩნდებიან, მანამდე ხელს არ გაანძრევენ. ამიტომ კონკურენციის დროს უნდა გამოვტყუოთ ხელისუფლებას რამე.
- და ვაშაძე სახელისუფლებო კანდიდატს გაუწევს კონკურენციას?
- რა თქმა უნდა გაუწევს.
ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. არავითარი ემოცია. როცა დამიკავშირდა ბატონი გრიგოლი, ვთხოვე, დრო მოეცა დაფიქრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. პრაგმატულად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მიხარია, რომ საზოგადოება ამას არა ერთგვაროვნად შეხვდა და მიმიხვდნენ რა იყო ამ სვლის მიზეზი. ვინც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს არის სიბეცე და მეტი არაფერი.
ოპოზიცია ძლიერი თუ არ იქნა, ხელისუფლებას ვერაფერს გამოვტყუებთ. ამიტომ ვარჩიე ლიბერალი ადამიანის გვერდით ვმდგარიყავი.
- და როგორ მოეწონებოდა ეს მამათქვენს - ჯანსუღ ჩარკვიანს, თუნდაც ის, რომ მის ლექსზე დაწერილმა სიმღერამ ამ ღონისძიებაზე გაიჟღერა?
- ჯანსუღ ჩარკვიანმა ეს სიმღერა, "თავისუფლება ლომთა ხვედრია" 1972 წელს დაწერა. მაშინ დამოუკიდებლობის ფოთოლიც კი არ შრიალებდა. იგი იყო უპირობოდ დასავლეთის მომხრე, რაც სიკვდილამდე ბევრჯერ თქვა.
ჯანსუღი ნინო ანანიაშვილის და გრიგოლ ვაშაძის ქორწილში თამადა იყო. გრიგოლი იყო თითქმის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ჩვენ იმ ავბდედით 9 წლის პერიოდში, ვურთიერთობდით. ასე, რომ რომელ მოწონებაზეა საუბარი, ეს არის უაღრესად განათლებული და ლიბერალური ადამიანი.
- პოლიტიკაში და "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო სიაშიც ხომ არ გიხილავთ?
- არასოდეს. ეს არ არის ჩემი სფერო. ვარ პუბლიცისტი და ვაგრძელებ საქმიანობას. ამას ვერც შემომთავაზებენ, რადგან ტრიბუნაზევე აღვნიშნე, რომ ყოფილიყო პარტიული არჩევნები აქ ვიდგებოდი. ერადერთი თემა მაქვს, რომელიც მამამ ბავშვობაში მასწავლა და მომწამლა - საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის წევრი. საქართველოს გზა რუსეთთან არ არის, გამორიცხულია. ვხედავ ჩუმ-ჩუმად ინსტიტუციურად როგორ ხდება ქვეყნის გადაბარება რუსეთისკენ.
თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)