"ქართულმა ოცნებამ" დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა - რას ამბობს დეპუტატი? - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა - რას ამბობს დეპუტატი?

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

"გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. "ქართული ოცნებისთვის" შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, დავით ჭიჭინაძე," - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს "ქართული ოცნების" სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

თავად დეპუტატის განცხადებით, ის არ აპირებს მოსახლეობის იმედების გაცრუებას და აქტიურ პოლიტიკაში რჩება.

დავით ჭიჭინაძეს ეჭვი ეპარება, რომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყოს. მისივე განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებას.

„ეტყობა ცოტა უჭირთ სიმართლის მოსმენა და ეს გახდა ,,ქართული ოცნების“ პრობლემა, რომ ჩაიკეტნენ ძალიან. ყოფილი პრემიერი მიალანძღეს, ყოფილ თანაგუნდელებს ლანძღავენ, ძალიან საინტერესოა მე რას დამაბრალებენ. ქართული ოცნება არასდროს ყოფილან ის ადამიანები, ვინც ხელს აწერენ ამ გადაწყვეტილებას. შუა რგოლში მყოფი ადამიანები რას უზამენ პარტიას, ამასაც მალე ვნახავთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.