ვინ იყო ლიეტუველი აფთიაქარი, რომელმაც ლიეტუველებს საქართველო ერთი ლეგენდით შეაყვარა?
რატომ უყვართ ლიეტუველებს ქართველები და საქართველო ასე განსაკუთრებულად? - ეს კითხვა ალბათ ბევრჯერ გაგვჩენია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ლიეტუვა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტერესების ხმალამოღებულ დამცველად იქცა. ლიეტუველებსა და ქართველებს შორის მეგობრობა XX საუკუნიდან იღებს სათავეს...
ამ განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი აფთიაქარი და მწერალი კაცია, რომელმაც საქართველო ისეთ ზღაპრულ ქვეყნად დაუხატა თანამემამულეებს, ერთბაშად საოცნებო ქვეყნად აქცია.
1900-იანი წლების საქართველოში ჩამოსული აფთიაქარი ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი ისე მოიხიბლა უცხო მხარის მშვენიერებით, მთელი საქართველო შემოიარა. შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ასე დაიბადა ლეგენდა "დაწყევლილი ბერები", რომელიც გამოქვეყნებისთნავე აღიარებულ იქნა ლიეტვური კლასიკური პროზის ნიმუშებად.
მოგვიანებით ნაწარმოები სასკოლო პროგრამაში შეიტანეს. ასე იქცა საქართველო ლიეტუველი ბავშვებისთვის საოცნებო მხარედ. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცის მიერ დაწერილი ლეგენდები მთარგმნელმა, ლიეტუვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრმა ნანა დევიძემ თარგმნა. ვინ იყო ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი და როგორ მოხვდა ის თბილისში? საქართველოზე შეყვარებული ლიეტუველის შესახებ ნანა დევიძე გიამბობთ:
გზა წვიმიანეთიდან ფერად საქართველომდე
- ლიეტუვა-წვიმიანეთს ნიშნავს. იქ მართლაც სულ წვიმს. ამიტომ ეს ჩვენი სამშობლო, თავისი ჩახჩახა მზით, განსაკუთრებით ხიბლავთ ჩვენს ჩრდილოელ მეგობრებს, რომლებიც მასობრივად საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდნენ. რუსეთს თურქეთის ფრონტიდან გამოჰყავდა ჯარები. რუსულ არმიაში, როგორც ქართველი, ასევე ლიეტუველი ოფიცრებიც მსახურობდნენ, ლიუტუველი სამხედრო პირების გამოყვანის შემდეგ ისინი სამშობლოში არ დაუბრუნებიათ, მათ კარგა ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრება მოუწიათ. სწორედ მაშინ შეიქმნა ლიეტუველების პირველი სათვისტომო საქართველოში. ის ხელს უწყობდა თანამემამულეებს, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, თუმცა დაბრუნებამდე მათ მომღერალთა გუნდიც ჩამოაყალიბეს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ჩაუდგნენ სათავეში. ეს იყო ლიეტუველების პირველი ურთიერთობა საქართველოსთან... საქართველოს მასშტაბური გაცნობა კი ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისს სახელს უკავშირდება.
ანტანას ჟუკაუსკასი გახლდათ აფთიაქარი. 1903 წელს ანტანასი საქართველოში გამოაგზავნეს. მან სოლოლაკში, ესტონელი აფთიაქარის, ფერდინანდ ოტენის აფთიაქში თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. იმავე აფთიაქში მუშაობდა პროვიზორი ვანო ბრეგვაძე, რომელსაც ანტანასი ძალიან დაუმეგობრდა. (სხვათა შორის, იმ აფთიაქის სივრცის ნაწილი დღესაც აფთიაქს უკავია. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მისი ინტერიერი იმავე სახით იყო შემორჩენილი, როგორიც ოტენის დროს, სამწუხაროდ, იმ საშინელ 90-იან წლებში ყველაფერი განადგურდა, ჩვენ როგორც გვჩვევია, ვერ მოვუარეთ და ვერ გავუფრთხილდით ამ უნიკალურ აფთიაქს).
უნდა აღვნიშნო, რომ ლიეტუველები ძალიან ცნობისმოყვარე ხალხია. ასეთი ხუმრობაც კი არსებობს: მთელ მსოფლიოში ნახავთ ბეღურებსა და ლიეტუველებსო. ანტანასმა გადაწყვიტა, ესარგებლა შესაძლებლობით და ფეხით შემოევლო არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასია. ასეც მოიქცა. კავკასიის ბუნებით აღფრთოვანებულმა ვერ დაიტია შთაბეჭდილებები და კალამს მოჰკიდა ხელი. პირველი ნაწარმოები ქართული ლეგენდის მოტივებზე შექმნილი "დაწყევლილი ბერები" იყო. მერე მას მოჰყვა სხვა ლეგენდებიც და ასე დაიბადა კრებული "კავკასიური ლეგენდები", რომელიც გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა.
ანტანას ჟუკაუსკასი-ვიენუოლისი: "თუ თქვენ საქართველოში მოხვდით, მაგრამ სამხედრო გზით არ გიმოგზაურიათ, მაშინ თქვენ საქართველო არ გინახავთ" ანტანას ჟუკაუსკასის პირველი ლეგენდები 1905-1906 წლებშია დაბეჭდილი და ენობრივი თვალსაზრისით, იმდენად მაღალი დონის ლიტერატურაა, რომ მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. ის ისე აღწერს საქართველოს ბუნებას, დარიალის ხეობას, თერგს, რომ თარგმანზე მუშაობის პროცესში მეგონა, რომელიმე მე-19 საუკუნის ქართველ ავტორთან მქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ აღწერს ჩვენს ბუნებას, ყოველ სიტყვას შინაგანი აღფრთოვანება, სიყვარულის განცდა ახლავს. მისმა ნაწარმოებებმა ძალიან პოპულარული გახადა საქართველო ლიეტუვაში.
ანტანასმა თავის სამშობლოში განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა ცნობილმა ლიეტუველმა დატოვა ქვეყანა და ამერიკაში გადასახლდა. საბჭოთა ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა, საბჭოთა კავშირში დაეტოვებინა ის ცნობილი ლიეტუველები, რომლებმაც რაღაცა მიზეზების გამო ქვეყნიდან გასვლა ვერ მოასწრო. მათ შორის იყო ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისი.
(დამავიწყდა მეთქვა, რომ "ვიენუოლისი" ფსევდონიმია და მარტოსულს, ეულს, განდეგილს ნიშნავს).
საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორმე რომ ქვეყანაში დაეტოვებინა ცოცხალი კლასიკოსი, გადაწყვიტა, ის მისთვის ასე ძვირფას ქვეყანაში, ამჯერად უკვე საბჭოთა საქართველოში გამოეშვა, რათა თავისი თვალით ენახა ის ცვლილებები, რაც საქართველოში ხდებოდა. იმისთვის, რომ მთავრობის ამ ჩანაფიქრს ვერ მიმხვდარიყო, ის მარტო არ გამოუშვიათ. მაშინ ლიეტუველ მწერალთა დიდი დელეგაცია ეწვია საქართველოს.
შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან
თბილისში ჩამოსული დელეგაცია რუსთაველის პროსპექტზე, ქაშუეთის ეკლესიის გვერდით, სასტუმრო "ინტურისტში"დააბინავეს. მაშინ ქაშუეთის წინ დიდი შენობა იდგა და პროსპექტის მხრიდან ეკლესია თითქმის არ ჩანდა. დილას ანტანასი ზარების ხმამ გააღვიძა და გაუკვირდა, საბჭოთა ქვყეანაში ეკლესიის ზარების რეკა. ადგა, არც დაუცადია მეგობრებისთვის, ზარების ხმას მიჰყვა და ეკლესიაში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ლადო გუდიაშვილი ქაშუეთის ფრესკას ხატავდა. ასე ადრიან ადამიანის ნახვამ, თანაც აშკარად უცხოელის, გუდიაშვილიც გააკვირვა თურმე და ხარაჩოებიდან დაეშვა. ანტანასი თავად გამოელაპარაკა, გვარი ჰკითხა. რომ გაიგო, გუდიაშვილი იყო, მაშინ გუდიაშვილების გვარის მთელი ისტორია უამბო, ისიც უთხრა, რომ მთელი მთიულეთი ფეხით ჰქონდა შემოვლილი და ყველა სოფლის ისტორიაც კარგად იცოდა.. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ლადო და ეს შეხვედრა მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ სამშობლოში ლიეტუველები. ომის შემდეგ, როდესაც ლიეტუვური სკოლებისთვის ლიტერატურის სახელმძღვანელოები შემუშავდა, აუცილებელ საპროგრამო მასალაში შევიდა "დაწყევლილი ბერები."
ახალმა ეპოქამ თავისი სიახლეები მოიტანა და აგერ 13-15 წელია რაც ეს ლეგენდა პროგრამიდან ამოიღეს. ლიეტუვაში ყოფნის დროს ძალიან ხშრად შემხვედრია საქართველოზე შეყვარებული და ჩვენთან ცხოვრების სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდები. რომ ვეკითებოდი, რა გინდათ საქართველოში? რატომ გინდათ იქ ცხოვრება-მეთქი? მპასუხობდნენ - იცით რა, აი, ვიენუელისს ისეთი სიყვარულით აქვს აღწერილი თქვენი ქვეყანა, რომ გვაინტერესებსო. არცაა გასაკვირი, ამ ბავშვებს კარგად ახსოვთ ანტანას ჟუკაუსკას-ვიენუოლისის სიტყვები: საქართველოში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყოო.
ანტანას ვიენუოლისის ეს სიყვარული ლიეტუველთა ახალ თაობებსაც გადაეცა და ისინი დღესაც მოჰყვებიან დიდი კლასიკოსის ნაკვალევს საქართველოში.
ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)