"ქართველმა მამაკაცმა უფრო კარგად იცის, როგორ მოხიბლოს ქალბატონი"
კატერინა პლანკოვსკა საქართველოსა და ქართულ სიმღერაზე შეყვარებული 23 წლის უკრაინელი გოგონაა. საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა და როგორც ამბობს, კიდევ უფრო მოიხიბლა ქართველების სტუმართმოყვარეობით. დამოუკიდებლად ისწავლა ქართული ენა და ფანდურზე დაკვრა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც პირველად მოუსმინა თეონა ქუმსიშვილის სიმღერებს.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"არ ვთვლი, რომ კარგად ვლაპარაკობ. როდესაც თეონა ქუმსიშვილის სიმღერებს მოვუსმინე, სურვილი გამიჩნდა, ქართული წერა-კითხვა მესწავლა, ტექსტის შინაარსი რომ გამეგო. მერე ისე შემიყვარდა ქართული, რომ გადავწყვიტე, სრულყოფილად შემესწავლა. სწავლა ჩემით დავიწყე და საბოლოოდ, გამომივიდა..."
"ქართული სიმღერებიდან მხოლოდ "სულიკო" და "საქართველოო ლამაზო" ვიცოდი, სხვა არაფერი. გადავწყვიტე, რომ ფანდური მჭირდებოდა და რადგან უკრაინაში ვერ შევიძენდი, საქართველოში ჩამოვედი. ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ. დედისერთა ვარ და მშობლები ნერვიულობდნენ, არ უნდოდათ ჩემი მარტო გამოშვება უცხო ქვეყანაში..."
"იმდენს ვმღერი და იმდენს ველაპარაკები საქართველოზე, რომ სხვა გზა არ აქვთ, ჩემს მეგობრებსაც შევაყვარე ფანდურიცა და ქართული ხალხური სიმღერებიც. ცოტა ხანს ლვოვში ვცხოვრობდი და იქ ჩამოვაყალიბე ტრიო. შარშან სურამსა და ბათუმში გვქონდა კონცერტები. მიხარია, რომ იმ 2 უკრაინელ გოგონასაც ძალიან შეუყვარდა საქართველო. აქ ხანდახან ქუჩაშიც ვმღერით..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 19 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი