"ვთხოვ ჩემს კოლეგებს კომკავშირის შესახებ ნათქვამი ციტატა მომიტევონ"
ვთხოვ ჩემს კოლეგებს კომკავშირის შესახებ ნათქვამი ციტატა მომიტევონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს.
დეპუტატი თავისივე განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ამასთან, დეპუტატი გეგმავს, რომ დავით ჭიჭინაძესა და „ქართულ ოცნებას" შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
"ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ ეს ციტატა მომიტევონ, ემოციური იყო. მე მაქსიმალურად მინდა, ამ სიტუაციაში შუამავლის როლი ვითამაშო, თავის დროზე დავით ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ "ქართული ოცნებიდან" არ უნდა წავიდე, რადგან ჩვენი გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი მე ვაპირებ იგივე გავაკეთო და დავითს ვესაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს პოლიტსაბჭოს მიერ და მინდა, ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს. თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს დავითის მიმართ, ამაზეც გუნდის შიგნით უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა. გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება.
"ინტერპრესნიუსი"