რატომ გაემგზავრა ეკონომიკის ახალი მინისტრი მოსკოვში?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, ეკონომიკის ახალი მინისტრი გორგი ქობულია მოსკოვში გაემგზავრა იმ მიზეზით, რომ თბილისში ოჯახი ჩამოიყვანოს, ასევე ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მაღალ თანამდებობას იკავებდა, პროექტები სხვას გადააბაროს.
როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განმარტა, გიორგი ქობულია ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება და შვებულებით სწორედ აღნიშნული საქმეების მოსაგვარებლად სარგებლობს.
კალანდაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მოსკოვში საიდუმლოდ წავიდა. მისი განმარტებით, მინისტრმა შვებულება კანონის სრული დაცვით აიღო, ხოლო სამუშაო პროცესს, სამინისტროში ორშაბათს შეუდგება.
"აქ არანაირი გასაიდუმლოება არ იყო, უბრალოდ არავის უკითხავს. მას შემდეგ, რაც პირველი გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, გავიდა შვებულებაში, უფრო სწორად ის გაემგზავრა მოსკოვში, სადაც იკავებდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის "მაკენზის" ოფისში, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას. ბუნებრივია, მას დარჩა პროექტები, რომელიც ვინმეს უნდა გადააბაროს, რადგან ამ პროექტებთან დაკავშირებით მას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ბუნებრივია, ამ პროექტებს გაგრძელება სჭირდება, ვინმე სხვამ უნდა გააგრძელოს ეს ამ ოფისში. გარდა ამისა, ოჯახი ჰყავს მას, რომელიც უნდა გადმოიყვანოს თბილისში. ის რამდენიმე დღე, როდესაც იგი შვებულებაში იმყოფება, ამისთვის აიღო. მინისტრების შვებულებები არ ცხადდება ხოლმე, როგორც წესი", - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.