ტრამპი: "თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები"
თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო ხისტი და მკაცრია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ჰქონია. გაიხსენეთ სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესე, რუსი დიპლომატები, რომლებიც აშშ-დან გავაძევე. ამდენი რამ რუსეთთან მიმართებაში არავის გაუკეთებია", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური ამბავი იქნება.
"თუმცა, თუ ეს არ იმუშავებს, თუ ურთიერთობებს ვერ დავალაგებთ, მაშინ მე მისი ყველაზე ცუდი მტერი ვიქნები", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს, ჯონ ბოლტონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტით მოწვევა დაავალა.