"მალაპარაკეთ და გეტყვით, ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით" - "კოლორპაკის" დირექტორი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართავს
კომპანია "კოლორპაკის" დირექტორი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართავს. კომპანია "კოლორპაკის" დირექტორის მიმართვას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მალაპარაკეთ, და მე გეტყვით, ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით. დღეს "კურიერი" ისევ "კოლორპაკის" კრედიტზე მომზადებულ სიუჟეტს აანონსებს. მინდა მივმართო ავტორებს: თუ გაქვთ პრეტენზია, რომ ამბობთ სიმართლეს, როდესაც ჩემს კომპანიაზე ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, ნუთუ არ გაინტერესებთ მეორე მხარის მოსმენა?! სულ მარტივად შემიძლია გამოვააშკარაო ის სიცრუე, რაც ვრცელდება კომპანიაზე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. დიახ, ავიღეთ კრედიტი - წამოვიწყეთ ბიზნესის ახალი მიმართულება, დღეს დასაქმებულია 44 ადამიანი, საშემოსავლოს სახით ამ პერიოდისთვის უკვე გადავიხადეთ 300,000 ლარზე მეტი, ბიუჯეტში გადასახადების სახით გადავიხადეთ 800,000 ლარზე მეტი, ჩავანაცვლეთ იმპორტი და ადრე რაც იბეჭდებოდა უცხოეთში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინასა და ბულგარეთში, იტალიასა და სომხეთში, - ახლა თბილისში იბეჭდება, ე. ბაღდავაძის 20 ნომერში.
ამბობთ, რომ კრედიტი ავიღეთ "ქართუში", არ ვიცი რას გაძლევთ ეს დეზინფორმაცია, მაგრამ "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში კრედიტი ავიღეთ "თიბისი ბანკში" და შემდეგ, დამატებით კრედიტი ავიღეთ "პროკრედიტ ბანკში", ამ კრედიტს დღესაც ვისტუმრებთ. დაინტერესებული, ერთი და იგივე პირები მოგყავთ ეთერში და მათი მეშვეობით ავრცელებთ ცრუ ბრალდებებს! ისეთ კონტექსტში ამბობთ, რომ ბიუჯეტიდან მივიღეთ დაფინანსება, თითქოს, მხოლოდ "კოლორპაკი" დაფინანსდა ამ პროექტით. თითქოს არ იცით, რომ სწორედ ამას ითვალისწინებს აწარმოეს პროგრამა! ზუსტად ჩვენსავით, ბიუჯეტიდან კრედიტის პროცენტი პირველი 2 წლის განმავლობაში დაუფინანსდა 300-ზე მეტ საწარმოს, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობს. მათ შორის პრაქტიკულად ყველა ჩვენმა კოლეგა -კონკურენტმა სტამბამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და განავითარა საწარმო.
"რუსთავი 2" - ის ჟურნალისტებო, ხომ გინდათ, ამაყობდეთ თქვენი პროფესიით?! დაარწმუნეთ თქვენი უფროსები, რომ მალაპარაკონ. როცა მეორე მხარეს არ აძლევ საშუალებას, ილაპარაკოს, ეს ახლოსაც არ არის ჟურნალისტიკასთან. წარმოაჩენთ ისე, თითქოს ქუმსიშვილთან ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათესაობის გამო მოგვცა კრედიტი სახელმწიფომ.
დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, რომ კრედიტს იძლევა არა სახელმწიფო, არამედ ბანკი, როცა შეისწავლის კომპანიის მდგომარეობას. თუ ბანკმა კრედიტი დაამტკიცა, ამის შემდეგ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ვალდებულია, ავტომატურად გაუფორმოს ხელშეკრულება კომპანიას და ჩართოს პროგრამაში. და თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ქართულად წერია "აწარმოე საქართველოში" საიტზე", - ნათქვამია მიმართვაში.