მირზა რეზა ხანის ქართული თავგადასავალი
მირზა რეზა ხანმა თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე ეს სახლი გერმანელი ინჟინრისგან იყიდა და ის ირანულ ყაიდაზე გადააკეთა, ამისათვის დიპლომატმა აღმოსავლელი და ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. მათ სხვა ძვირფას მასალასთან ერთად სახლი მრავალწახნაგოვან ფიგურებში ჩასმული სარკეებით შეავსეს, რომლის გამოც უცხოელებმა აქაურობას ალმასის სასახლე უწოდეს. რეკონსტრუქციის შემდეგ მირზა რეზა ხანმა სასახლეში ირანის საკონსულო გახსნა. დღეს ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, სადაც სარკეებისა და მრავალწახნაგების ფრაგმენტები მხოლოდ სადარბაზოსა და ერთ ოთახშია შემორჩენილი
ისტორია არასოდეს იკარგება, მაშინაც კი, როცა მის ნაკვალევს ფერფლი ამოავსებს, იმ იდუმალებას მაინც ინარჩუნებს, რომელიც უცნაურად გვიზიდავს. შეიძლება იმიტომაც წერდნენ უცხოელი მოგზაურები თბილისის იდუმალებაზე, აქ ხომ ისტორიის უამრავი ათასწლოვანი ნაკვალევია. თითქოს იმ ოკეანის რიფივითაა, სადაც არაერთი ტალღა მიხეთქებულა და გამქრალა, მაგრამ მათი სურნელი ჰაერს მარადიული ეგზოტიკით ავსებს. ასეთი ეგზოტიკურია XIX საუკუნეში თბილისში მოღვაწე სპარსელი დიპლომატის, მირზა რეზა ხანის (არფა ად-დოულე) ისტორია თბილისში აშენებული "ალმასის სასახლით", რომლის მდიდრული სარკეების ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი. როგორც ამბობენ, თბილისში მოღვაწე უცხოელთა შორის მას ძნელად თუ შეედრებოდა ვინმე სიმდიდრითა და განსწავლულობით. შესაძლოა დროს ამ ისტორიის ნაკვლევიც წაეშალა, რომ არა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნე მეცნიერები, რომლებმაც მირზა ხანის მემუარები აღმოაჩინეს და თარგმნეს, მათ შორის არის ქალბატონი მარინა ალექსიძეც.
- მირზა რეზა ხანის შესახებ ფრაგმენტული ცნობები არსებობდა, თუმცა მისმა მემუარებმა თბილისის ისტორიის სულ ახალი და სულისშემძვრელი დეტალები აღმოგვაჩენინა. ეს უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ბედმა თბილისთან ახალგაზრდობაშივე დააკავშირა, XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში თავრიზიდან სასწავლებლად ჩამოვიდა. სწორედ აქ მიღებული განათლებით მიაღწია ბრწყინვალე კარიერას - 1889 წელს ის შაჰმა რუსეთში ამიერკავკასიის გენერალურ კონსულად გაუშვა, რომლის რეზიდენცია თბილისში იყო. აქ ის 5 წელიწადი მოღვაწეობდა. შემდეგ ირანის სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ რუსეთში, თურქეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში,…იყო ირანის წარმომადგენელი ერთა ლიგასა და ჟენევაში; დაჯილდოებული იყო ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ჯილდოთი, ხუთჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.
- ნუთუ იმ დროს თბილისში ისეთი სკოლები არსებობდა, რომ ადამიანს აქ მიღებული ცოდნით მსგავსი კარიერის მიღწევა შეეძლო? - იმ დროისთვის რუსეთის იმპერიამ განიზრახა, რომ თბილისი იმპერიის აღმოსავლეთის ცენტრად ექცია. ამის გამო ქალაქი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ევროპის ნაწილად იქცა. თბილისი აქ მცხოვრებ თუ ჩამოსულ ირანელთა თავშეყრის ადგილიც იყო. არსებობდა შესაბამისი სკოლებიც. მირზა ხანი შიიტურ სკოლაში არაბულ და რუსულ ენებს, ასევე გეოგრაფიას, ისტორიასა და ფიზიკას სწავლობდა, პარალელურად კი მადამ სტასულევიჩის სასწავლებელში ხვეწდა რუსულ და ფრანგულ ენებს. შეისწავლა ნორვეგიული და გერმანული ენებიც. ამის გარდა, ის მშვენივრად წერდა. მას აქვს ერთი ჩანაწერი, მადამ სტასულევიჩის სასწავლებელში სწავლის პერიოდზე. საქართველოს ამ დროისთვის ირანთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ თბილისში ათასობით ირანელი ცხოვრობდა და როგორც ჩანს, მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის მცირე დაპირისპირება არსებობდა. მირზა ხანი წერს: "სტასულევიჩთან ბევრი სომეხი სწავლობდა და სომეხმა გოგონამ ამითვალწუნა. როდესაც ერთმა ამხანაგმა ალიხანოვმა ტკბილეული მომაწოდა, ეს გოგონა ძალიან გაუჯავრდა, არა გრცხვენია, რომ ტკბილეულს მუსლიმს აწოდებო! ალიხანოვმა კი უპასუხა, იმიტომ ვაწოდებ, რომ მირზა ხანი კონსული გახდება, მიღებას მოაწყობს და მე დამპატიჟებსო". შემდგომში მართლაც ასე მოხდა - როდესაც მირზა ხანმა თბილისში ალმასის სასახლე ააგო, ალიხანოვის მთელ ოჯახს მოსაწვევი გაუგზავნა.
მირზა რეზა ხანის თბილისში მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა თბილისში შავი ჭირის გავრცელება. თბილისელები ქალაქიდან სპარსელების განდევნას მოითხოვდნენ, ეგენი ავრცელებენ შავ ჭირსო.
- ამას საფუძველი ჰქონდა? - როგორც მირზა ხანი წერს, დაავადება სწორედ სპარსეთიდან შემოვიდა და პირველად სპარსელებში გავრცელდა, - სპარსელები, ძირითადად, მუშებად მუშაობდნენ და ჯგუფურად ცხოვრობდნენ ბინებში, რომელთა გაკონტროლება არ ხერხდებოდა.…თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ხალხს შიში უფრო ანადგურებდა, ვიდრე დაავადება. ამიტომაც გაზეთში გამოაქვეყნა მოთხრობა, რომელიც მოლასა და ქოლერის საუბარზე იყო აგებული და ასე მთავრდებოდა: "შენ სიტყვის გამტეხო, ქოლერავ! ღვთის ამდენი ქმნილება რატომ დახოცე?" ქოლერამ უპასუხა: "სულსწრაფო მოლავ, პასუხს მე კი ნუ მთხოვ, მოჰკითხე ღმერთს, რომელმაც აქ გამომგზავნა. მე ათას კაცზე მეტი არ მომიკლავს, დანარჩენი ცხრა ათასი შიშით მოკვდა".
აღსანიშნავია, რომ მირზა ხანმა თბილისში შავი ჭირით დაავადებულთათვის ღარიბთა თავშესაფარი და საავადმყოფო ააშენა, რომელშიც ყველა სარწმუნოების ადამიანს მკურნალობდნენ.
- სხვას რას წერს დიპლომატი ქალაქზე?
- ბევრ რამეს, თუმცა აქაურების სილამაზეზე სიტყვასიტყვით ამბობს: "გამიჭირდება, მათ ჩვეულებრივი ადამიანები ვუწოდო და, საერთოდ, ადამის მოდგმას მივაკუთვნო, რადგან ერთ ქალაქში ამდენი ლამაზი ადამიანის არსებობა არც ვინმესგან გამიგია და არც ქრონიკებში წამიკითხავს. დიდსა და პატარას, კაცსა და ქალს, თეთრი პირისახე, ნახევარმთვარესავით მორკალული წარბები, ნარგიზივით შავი თვალები, კაკბის მიხრა-მოხრა და საროს ტანი აქვს". სხვათა შორის, თბილისში გაიცნო თავისი მეორე ცოლიც (პირველი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა) ინგლისელი ლიუდმილა (ლილი) ჯერვისი.
- რა გასაკვირია, რომ მას ამ ქალაქში სასახლე აეშენებინა. - მისი გატაცება არქიტექტურა იყო, მონაკოში მისი აშენებული სასახლე, სადაც ბოლოს თავად ცხოვრობდა, არქიტექტურის ულამაზეს ძეგლად ითვლება. მშვენიერია თბილისის ალმასის სასახლეც ჭონქაძის ქუჩაზე, რომლის რესტავრირება, სამწუხაროდ, არ ხერხდება. საქართველოში მან ოთხი სასახლე ააშენა, რომელთაგან ორი აღარ არსებობს. საბედნიეროდ, რესტავრირებულია ბორჯომის სასახლე "ფირუზე" ბორჯომის პარკის შესასვლელთან.
- ეს ის სასახლეა, ყველა "ფირუზას" რომ ვეძახით?
- დიახ. "ფირუზე" სპარსულად ქვის სახელია და ამავე დროს გამარჯვებასაც ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ დიპლომატმა სასახლეს სახელი იმ გამარჯვებების აღსანიშნავად დაარქვა, რასაც მან ცხოვრებაში მიაღწია. ამ სასახლის აშენება მას მდიდარმა სპარსელმა ვაჭრებმა ურჩიეს, - ბორჯომი დიდად პერსპექტიული ადგილია, თანაც ფული უძრავ ქონებაში ჩაიდებაო! მირზა ხანმა "ფირუზეს" ასაშენებლად სპარსელი, ევროპელი და ქართველი მშენებლები დაიქირავა - სასახლის ჭვირული აივანი სწორედ ქართულია. ის რომ უბრალოდ გასართობი სასახლე არ იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მას ირანის ოფიციალურ მოღვაწეთა ხუთი პორტრეტი ამკობდა, მათ შორის ირანის ტახტის მემკვიდრისა. რაც შეეხება თბილისის ალმასის სასახლეს, მირზა ხანმა ახლანდელ ჭონქაძის ქუჩაზე გერმანელი ინჟინრისგან ერთმანეთის გვერდით მდგომი ორი სახლი იყიდა. შემდეგ ეს სახლები ერთ სასახლედ გადააკეთა ირანულ ყაიდაზე, სადაც სასახლის გვერდით ეზოში შესასვლელი თაღი ცალკე მოაწყო.
ყველაფერ ამისათვის დიპლომატმა აღმოსავლელი და ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. მათ სხვა ძვირფას მასალასთან ერთად სახლი მრავალწახნაგოვან ფიგურებში ჩასმული სარკეებით შეავსეს, რომლის გამოც უცხოელებმა ალმასის სასახლე უწოდეს. რეკონსტრუქციის შემდეგ მირზა რეზა ხანმა სასახლეში ირანის საკონსულო გახსნა. სასახლე პარიზში გამოცემული "ათას ერთი ღამის" ფრაგმენტებით მოხატეს, ეზოში ორი მარმარილოს შადრევანი დადგეს. დღეს ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, სადაც სარკეებისა და მრავალწახნაგების ფრაგმენტები მხოლოდ სადარბაზოსა და ერთ ოთახშია შემორჩენილი. არადა, საკონსულოს გახსნის დღეს მის ეზოში, რომელიც მირზა ხანმა სპარსეთის შაჰის დაბადების დღეს მიუძღვნა, როგორც თავად წერს, კახური წითელი ღვინის შადრევანი ჩქეფდა. მირზა რეზა ხანი თავისუფალი აზროვნების ადამიანი იყო, რომელმაც უდავოდ იცოდა ღირებულებების ფასი. მათ შორის კახურ ღვინოზეც წერს, იმდენად მშვენიერია, რომ აქაურები ბევრს სვამენო. ამასთან, უამრავი არამუსლიმანი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც, ცხადია, სასახლის გახსნაზეც მიიწვია. ღვინის შადრევნისთვის დიპლომატმა 4000-ლიტრიანი ავზი მაღალ საბჯენებზე დაადგმევინა, აკაციის სურნელოვანი ყვავილებით დაფარა და ღვინო მილით შადრევნებამდე მიიყვანა, საიდანაც ის მარმარილოს ღვინის ლარნაკიდან მოჩქეფდა.…წვეულებაზე მან თბილისის ყველა წარჩინებული, მათ შორის მადამ სტასულევიჩის სასწავლებლის მეგობარი ალიხანოვიც დაპატიჟა, რომელმაც ერთ დროს სომეხ გოგონას არ დაუჯერა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. Aსტუმრების უფრო მოსაჯადოებლად ყველაფერი ჩინური წითელი ფარნებით გაანათა, რომელსაც მთაწმინდიდან ფეიერვერკი დაერთო. მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ სასახლეში ხალხი შეასახლა და ეს ყველაფერი გაქრა. თუმცა მირზა ხანთან ერთად დედაქალაქის ისტორიაში დარჩა და მას დღესაც ამდიდრებს.
ეთერ ერაძე