ზრდილობიანი ალპაკა
ალპაკა სამხრეთ ამერიკის ანდებში ზღვის დონიდან 3500-5000 მეტრ სიმაღლეზე მობინადრე მოშინაურებული ცხოველია. ამჟამად მისი რაოდენობა 3 მლნ-ს აღწევს, უმეტესი ნაწილი პერუს სამხრეთში, მთებში ცხოვრობს, გვხვდება ეკვადორში, ჩრდილოეთ ჩილესა და დასავლეთ ბოლივიაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ალპაკას რძესა და ხორცსაც მოიხმარენ, მისი მთავარი "სიკეთე" ძვირფასი მატყლია - უმაღლესი ხარისხის ბეწვისგან მზადდება საუკეთესო საბნები, ტანსაცმელი. ალპაკას ბეწვი გარემო პირობებისადმი გამორჩეულად მედეგია, რადგან არა აქვს ცხიმი, მისგან დამზადებული ნაკეთობებიც ძალიან დიდხანს არ ისვრება. განსაკუთრებით ძვირფასია ალპაკას ნაშიერის ბეწვი. მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის მატყლზე გაცილებით მსუბუქია, 7-ჯერ უფრო თბილია! არ ატარებს წყალს და ანტიალერგიულია. ალპაკას აქვს მეტად რბილი ბეწვი, რომლის სიგრძე გვერდებზე 15-20 სმ-ს აღწევს. ალპაკა დაახლოებით 6000 წლის წინ მოაშინაურეს პერუს ინდიელებმა და მისი გამოსახულებები გვხვდება კოლუმბამდელ სამხრეთამერიკულ მოჩეს კულტურაში. მისი პირველი აღწერა 1553 წელს ეკუთვნის "პერუს ქრონიკის" გამოჩენილ ავტორს, სიეს დე ლეონს, მან აღწერა თითქმის მთელი სამხრეთამერიკული ფლორა და ფაუნა.
ალპაკა სამხრეთ ამერიკის აქლემისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, სადაც ასევე შედის ლამა, გუანაკო და ვიკუნია. თავდაპირველად, ალპაკას ლამას ოჯახს მიაკუთვნებდნენ, თუმცა 2001 წელს საერთაშორისო კლასიფიკაცია დაზუსტდა, ამჟამად ალპაკას წინაპრად ვიკუნია ითვლება. კლასიფიკაციის სიძნელე იმით იყო განპირობებული, რომ ოთხივე სამხრეთამერიკული აქლემისებრი ერთმანეთთან ჯვარდება, რის გამოც ალპაკას წარმოშობის დადგენა მხოლოდ დნმ-გამოკვლევებით გახდა შესაძლებელი. მაგალითად, ლამასა და ალპაკას ნაჯვარს უარისო ეწოდება, ხოლო ვიკუნიასა და ალპაკას ნაშიერი ჯორის მსგავსად ვეღარ მრავლდება, თუმცა საუკეთესო ხასიათის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შინაური ცხოველია. სიმართლე ითქვას, ალპაკა არ მიეკუთვნება მთლად შინაურ ცხოველებს ტრადიციული გაგებით. ეშინია ადამიანის, თუმცა, მეტისმეტად ცნობისმოყვარე არ გაურბის ადამიანთან კონტაქტს. აქლემისებრთა ოჯახის ყველა ცხოველისგან განსხვავებით, ალპაკა არასდროს აფურთხებს ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ საკვებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს არ ზოგავენ და აქლემისებრთა ოჯახის ტრადიციული მეთოდით - ფურთხებით უსწორდებიან ერთმანეთს.
დღეისთვის ალპაკას ორი სახეობა არსებობს - სური და უაკაია. სურის ბეწვი უფრო გრძელია, ნაწნავისებრი, უაკაიასი კი რბილი, პლუშისებრი.
ალპაკები თბილისის ზოოპარკში
ალპაკები გვყავს თბილისის ზოოპარკშიც - 2015 წელს, სტიქიით მიყენებული ზარალიდან ერთი წლის შემდეგ, რიგის ზოოპარკიდან, სხვა ცხოველებსა და ფრინველებთან ერთად, საჩუქრად მივიღეთ სამი ალპაკაც - ტომასი, კარმენი და კამენა, ხოლო ორი წლის წინ ალპაკა კარმენმა შვილი გააჩინა, რომლის მამა ალპაკა ტომასია. პატარა ალპაკა "გოგონაა", მას პაჩა დაარქვეს, ხოლო დედა-შვილის ურთიერთობის ამსახველი ემოციური ფოტოები ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა...
მოამზადა რამაზ გურგენიძემ