პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თორნიკე კაჭარავა თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მიმდინარე წლის 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე თ.კ. მოპედით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა თ.კ. მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”, - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
"ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული თორინკე კაჭარავა არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, მანელიძე დეტალებზე საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ადვოკატის განმარტებით, კაჭარავას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
„ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის კვლავ იყენებს დუმილის უფლებას, თუმცა, ობიექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თემის განვრცობა და გაშლა არ არის საჭირო. მას აქვს პასუხები, თუმცა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ თემის გავრცობა“, - აღნიშნა შოთა მანელიძემ.