"ყველაზე ურჩები თინეიჯერები და მთვრალი მამაკაცები არიან"
მაშველის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, გმირული და საპატიოა. ნოდარ ჭუმბაძე თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომელია, 18 წელია ის თავის საქმეს პირნათლად ემსახურება და წლების განმავლობაში დიდი გამოცდილებაც შეიძინა. ჩვენი საუბარი თბილისში არსებულ საცურაო ობიექტებსა და უსაფრთხოებაზე დაიწყო და საკმაოდ მხიარულად დასრულდა.
- სამაშველო სამსახურები განთავსებულია თბილისის ზღვაზე, კუს ტბაზე, სეზონურად კი ლისის ტბასა და მტკვარზე.
თბილისის ზღვაზე განსაკუთრებით საშიშად ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია ითვლება. ამ ადგილას დინება სწრაფი, ღრმა და უმართავია. იქ, სადაც არ არის პლაჟი, არ არის შემოფარგლული ცურვისთვის უსაფრთხო ტერიტორია, არ პატრულირებენ მაშველები, რეკომენდებულია, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ბანაობისგან.
- მოცურავეთა უსაფრთხოებაზე რომელ საათებში ზრუნავთ? - დღის განმავლობაში თითოეულ ობიექტზე არაერთი მაშველი მორიგეობს, მხოლოდ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დილის 7 საათიდან დაღამებამდე, 20 მაშველი მორიგეობს, რომლებიც სპეციალურად გამოყოფილ საბანაო ზონას აკონტროლებენ, ხოლო სხვა ტერიტორიებზე ეტაპობრივი შემოვლა-დათვალიერებაა, აფრთხილებენ დამსვენებლებს და სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას ატარებენ. ღამით კი შეტყობინების საფუძველზე მოქმედებენ როგორც კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე სამოქმედო ზონებში.
შვიდი საგუშაგო გვაქვს, საბანაო ზონა გამოყოფილია და აღჭურვილია ტივტივებით, მანიშნებლებით, რომელიც უჩვენებს მობანავეს, რომ ტივტივების იქით გასვლა საშიშია. ტერიტორიას ვაკონტროლებთ როგორც სანაპირო ზონიდან, ისე სპეციალური მცურავი საშუალებებით.
- ალბათ, ბევრ კურიოზსაც გადასწყდომიხართ. - უამრავს. რამდენიმე დღის წინ თბილის ზღვის ტერიტორიიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ აკვაპარკის მიმდებარედ მოქალაქე წყალში შევიდა და გაუჩინარდა. ადგილზე ჩვენი ქვედანაყოფის წევრებს გაუჩინარებული მოქალაქის მეუღლე და ორი შვილი დახვდათ. ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახის წევრებს მეზობელმა დაურეკა, რომ პირი, რომელსაც წყალში ვეძებდით, არხეინად იწვა საკუთარ სახლში და ეძინა. თურმე გადაუცურია მეორე ნაპირამდე, ეტყობა, ნასვამი ცურვამ დაქანცა, აღარც გახსენებია ცოლ-შვილი რომ ელოდა ნაპირზე და ფეხით გაუგრძელებია გზა შინისაკენ.
ერთხელ კი შეგვატყობინეს, რომ მშრალ ხიდთან მამაკაცი წყალში გადახტა. მართლაც მოჰქონდა წყალს ცხედარი, რომელიც დროდადრო იძირებოდა, მერე ისევ გამოჩნდებოდა. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი ორთაჭალჰესამდე გაიზარდა და ჰესი გადავკეტეთ, რომ იქით აღარ გაეტანა მტკვარს ცხედარი. როგორც იქნა, ამოვიყვანეთ და... ხელთ მანეკენი შეგვრჩა.
ერთმა გასარუჯად ნაპირზე წამოწოლილმა დედამ შეგვატყობინა, რომ ბავშვი დაკარგა. კარგა ხანს ვეძებეთ, საგონებელში ჩავარდნილებმა აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა და ამ დროს ბავშვის დედა დაგვიკავშირდა, როგორც ჩანს, მზემ გამთანგა და ახლაღა გამახსენდა, რომ ბავშვი მამამისს გავატანე სახლშიო.
- აქტიურად მუშაობთ, მაგრამ მაინც ხდება უბედური შემთხვევები...
- უბედური შემთხვევები წინა წლებში ხდებოდა. საბედნიეროდ, ამ სეზონზე ლისის, კუს ტბასა და თბილისის ზღვაზე არც ერთი უბედური შემთხვევა არ მომხდარა. მართალია, გვაქვს ხშირი გამოძახებები, ბევრი გადაგვირჩენია, მაგრამ ფატალურად არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა.
წინა წლების სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უბედური შემთხვევების მიზეზი დაუდევრობაა - სადაც ბანაობა აკრძალულია, მოქალაქეები იქ მიდიან საცურაოდ, არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს. არ შეიძლება ნასვამისა და ნაბახუსევის ცურვა.
- თქვენ არ გაქვთ უფლება, რაიმე ზომა მიიღოთ ურჩი მობანავის მიმართ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებით? - თუ დაფიქსირდა, რომ მობანავე, რომელიც არღვევს ბანაობის წესებს, არ ემორჩილება მაშველის მითითებებს, მოდის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, გაჰყავს მოქალაქე ტერიტორიიდან და აფრთხილებს. ძალისმიერი მეთოდები აკრძალულია.
- ვინ უფრო გეურჩებათ?
- თინეიჯერები და მთვრალი მამაკაცები.
ეკა სალაღაია