"ეს ადგილი ფაქტობრივად, ჩერნობილია!" - კვირის პალიტრა

"ეს ადგილი ფაქტობრივად, ჩერნობილია!"

ორხევში, მუხაძის ქუჩა #6/6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე წლებია, რაც შპს "TG" მოქმედებს, სადაც ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი მზადდება. საწარმო დასახლებულ პუნქტში, საცხოვრებელი კორპუსებიდან 10-15 მეტრშია და როგორც მობინადრეები ამბობენ, ხმაურის გარდა, საშინელი სუნისა და გამონაბოლქვის ატანა უწევთ. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, იქვე, საწარმოს ტერიტორიის მახლობლად, მოქმედი შპს კაბელების ნარჩენებს აგროვებს და დღედაღამ წვავს. როგორც დასახლებაში ამბობენ, ორხევში 2 ათეულამდე საამქროა, რომელთა უმრავლესობას ფილტრი არა აქვს, ჰაერი მავნე ნივთიერებებითა და გამონაბოლქვით ბინძურდება, რის გამოც მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საწარმოს მოპირდაპირე მხარეს ფუნქციონირებს სკოლა-ლიცეუმი, სადაც უამრავი ბავშვი დადის და მათ ჯანმრთელობას ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება."

ნანი შანიძე, მუხაძის ქუჩის მობინადრე: "პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის მწარმოებელი საამქრო ჩვენი კორპუსიდან 10 მეტრშია და საღამოობით ისეთი კვამლი და სუნი მოდის, ფანჯარა ვერ გაგვიღია. ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. საწარმოს არა აქვს ფილტრი, მხოლოდ ვენტილატორია, რომელსაც პლასტმასის საშინელი სუნი გამოაქვს. მთელი უბანი იწამლება. ყოველ დილით მანქანებზე გადამუშავებული პლასტიკის მტვერი გვხვდება. წარმოგიდგენიათ, რას სუნთქავენ ჩვენი შვილები? ეს ადგილი ფაქტობრივად, ჩერნობილია. გვწამლავენ და გამკითხავი არავინაა".

ნუნუ ბურღაშვილი, მობინადრე, ქიმიკოსი: "აქამდე საწარმოს 24-საათიანი რეჟიმი ჰქონდა, ახლა ღამის პირველ საათამდე რახრახებს. საშინელი მონოტონური ხმაურია, ჰაერი მოწამლულია, სპეციფიკური სუნი ტრიალებს. პლასტმასების წარმოებას ტოქსინების, აქროლადი ნივთიერებების გამოყოფა ახლავს - ფორმალდეჰიდის, ნახშირბადის დიოქსიდისა და მონოოქსიდის (მისი დოზა 0,3%-ზე ნაკლები უნდა იყოს, ზედმეტი უკვე ფილტვებიდან სრულიად გამოდევნის ჟანგბადს და მასში ნახშირორჟანგი გროვდება), რაც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, კადმიუმს, სტიბიუმსა და სხვა ორგანულ ნაერთებს, რომლებიც, თავის მხრივ, კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს. ეს ნაერთები უამრავი დაავადების გამომწვევია.

ჩვენს უბანში გახშირდა სიმსივნური დაავადებები, მთელი უბანი ექიმებთან დავრბივართ. 12 წელია ვიბრძვით, მაგრამ რა? თავდაპირველად რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, საწყობიაო, მერე ნელ-ნელა ამუშავდა და აგუგუნდა. როგორც შევიტყვეთ, ამ შპს-ს მეპატრონისთვის ლილოსა და წყნეთში საწარმოს გახსნის უფლება არ მიუციათ, ორხევში კი მისცეს. ასეთი საწარმო დასახლებულ პუნქტში, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს არ უნდა იყოს. Gგარდა ამისა, ამ საწარმოს ტერიტორიაზე უამრავი კაბელი ყრია და წვავენ.

ამ უბანში, საცხოვრებელი ბინების ახლოს, 20-მდე საამქროა: ტყავის, პოლიეთილენის ბოცების, პლასტმასის კასრების, ხის გადამმუშავებელი საამქრო, არის ჟანგბადის ქარხანა (ჟანგბადით ტენიან ბალონებს, სამედიცინო სფეროში რომ გამოიყენება), რომელიც ფეთქებადსაშიშია, რამდენიმე მეტრში კი ჯართის ზვინებია დახვავებული... ფაქტობრივად, სიკვდილის ზონაში ვცხოვრობთ. ტელევიზიით აცხადებენ, ბავშვების სისხლში მომატებულია ტყვიის შემცველობა და შეამოწმეთო. რამდენჯერმე მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, ერთხელ მოვიდნენ შესამოწმებლად სპეციალური ხელსაწყოებით, მაგრამ ეტყობა საამქროების პატრონების ყურამდე ინფორმაცია მივიდა, მუშაობა გააჩერეს და ამიტომ მავნებლობა ვერ დააფიქსირეს, მაგრამ 1.000 ლარით დააჯარიმეს. საწარმოს ფილტრი არ აქვს, რადგან ძვირია, და მეპატრონისთვის, ცხადია, წამგებიანია.

იქნებ დაგვადგეს საშველი, მოგვხედონ და ეს პლასტმასის ჭურჭლის საწარმო დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანონ. პასუხი ყველას ერთი აქვს - ორხევი საწარმოო ზონად არის გამოცხადებულიო. ან ეს ქარხნები მოაშორონ აქაურობას, ან ჩვენ დაგვასახლონ ნაკლებად საშიშ ზონაში".

მუხაძის ქუჩის მობინადრეებმა კაბელების საყრელზე მიგვითითეს, სადაც ფერად-ფერადი კაბელების ნარჩენების გორები დაგვხვდა. როგორც მასპინძელმა აგვიხსნა, შპს "თეკლას" ტერიტორია ნაქირავები ჰქონია.

"კაბელები რატომ უნდა დავწვა, როდესაც ვყიდი. ახლაც ველოდები მყიდველს. უბნის ბავშვები კი შემოიპარებიან ხოლმე და წვავენ, სამჯერ გავაგდე, მაგრამ თავისას არ იშლიან. ტენდერი მოვიგე და კაბელები BP-სგან შევისყიდე. ახლა სხვასთან გავაფორმე კონტრაქტი. ჯართიც და ალუმინიც მაქვს, მალე საპნის წარმოებას დავიწყებ. საპონი ორგანული ცხიმებისგან გაკეთდება, სუნი არ ექნება და არც მოსახლეობა შეწუხდება. საამქროს ფილტრიც აქვს, მაგრამ წარმოება ჯერ არ დამიწყია. დოკუმენტები წესრიგში მაქვს, ვინმე თუ მოვა და რამე მიზეზს ნახავს, დამადონ ბორკილები. მეც გადმოვიყვანე აქ ცოლ-შვილი და გიჟი ვარ, მოვწამლო?"

ამის შემდეგ გეზი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის დამამზადებელ საწარმოსკენ ავიღეთ, მაგრამ მფლობელი არ დაგვხვდა და მასთან ტელეფონით მოვახერხეთ გასაუბრება.

ზურაბ ხაჩიძე, შპს "TG"-ს მფლობელი:

- ჩვენ ფილტრი არ გვჭირდება, ვინაიდან პლასტმასს არ ვადნობთ. ჩვენი საწარმოს უკან 24 საათის განმავლობაში წვავენ კაბელებს და სუნი იქიდან მოდის. მობინადრეებმა გარემოს დაცვის სამინისტროში მიჩივლეს, მოვიდნენ და დაწერეს დასკვნა, რომ ჩვენგან მსგავსი გამონაბოლქვი არ გადის.

- ამბობთ, საწარმო ფილტრს არ საჭიროებსო, არადა, თავად ვნახე, ვენტილატორს გამოაქვს საშინელი სუნი.

- პლასტმასის დნობა ღია პროცესი არ არის, წარმოებისას არ გამოიყოფა გამონაბოლქვი და გარემო არ ბინძურდება. ხმაურის დონეც შემოწმებულია და ყველანაირად ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს. მსოფლიოში მსგავსი წარმოება ფილტრს არ საჭიროებს, ჰაერის დაბინძურება არ ხდება, არ გვაქვს ქვაბი, რომელშიც მოვხარშავთ რამეს. ეგეც არ იყოს, მალე წარმოება გადამაქვს სხვა შენობაში, რომელიც აისოს (IშO) სტანდარტებით გავარემონტე. მსგავსი რამ რომ ხდებოდეს, აისოს სერტიფიკატს ხომ ვერ მივიღებდით.

- მაინც რატომ შეარჩიეთ საწარმოსთვის დასახლებული პუნქტი? ზემოთ, თეთრხევისკენ დაუსახლებელი ადგილებიც ხომ არის? - ორხევს აქვს საწარმოო ზონის სტატუსი, ეს ტერიტორია ნანგრევების სახით კომუნისტების დროიდან შევისყიდეთ და საწარმო მას მერე არსებობს. მეც ძალიან მაწუხებს კაბელების წვის სუნი, ოფისის ფანჯრებს ვერ ვაღებთ, მეპატრონესაც დაველაპარაკე, მაგრამ ამაოდ.

პ. ს. ევროპის ქვეყნებში ბუნების დამცველები, მისი მავნებლობიდან გამომდინარე, რახანია პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვას მოითხოვენ და ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ, ჭურჭლის დამამუშავებელ საწარმოს საცხოვრებელი ბინების მახლობლად, მათი ფანჯრების წინ რომ აგუგუნებდნენ?

P.S. "კვირის პალიტრა" გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა:

"მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე 2017 წლის 9 ნოემბერს შევიდნენ აღნიშნულ საწარმოში, სადაც არანაირი დარღვევა არ გამოვლინდა. ორხევის მოსახლეობის სახელით, დეპარტამენტში ახლაც შემოსულია წერილი-საჩივარი, რის საფუძველზეც, უახლოეს მომავალში განმეორებითი ინსპექტირების განხორციელებას ვაპირებთ".

ნანა ფიცხელაური