"ბუნების ნაჩუქარი წყალი უფასოა და გლეხიც ცდილობს, ამ წყლით იოლად გავიდეს"
ზაფხულის ცხელ თვეებში წყურვილს იკლავს დასიცხული ვაზი. რწყვა განსაკუთრებით კახეთის უხვმოსავლიან ვენახებს უხდება. ტენიან ზღვისპირეთსა და მთაგორიან ლიხთიმერეთში თუ ბევრი წყალი სწყენს ყურძენს, აქეთ და აქეთ, ქართლ-კახეთში, მისწრებაა ზვრების გაწყლიანება. ქართლში მტკვრის, არაგვის, ქსნისა და ლიახვის ძლიერი დატოტვა შვებაა იქაური ვაზისთვის. ალაზნისა და ივრის იმედად დარჩენილი კახეთის მშრალი ხირხატიანი ადგილები კი გრილი სეზონის იმედად რჩება. ისინი, ძირითადად, მდინარეებიდან სპეციალურად გაყვანილი სარწყავი არხებით მარაგდება. წყალი განსაკუთრებით გარეკახეთში, ცივ-გომბორის კალთებზე შეფენილ ვენახებს უჭირს.
გადავწყვიტეთ, იქაურ მევენახეებს გავსაუბრებოდით:
გიორგი საგინაშვილი, სოფელი ვერხვიანი:
"არხის წყლის გამოყენებას ადგილობრივი მელიორაციის სამსახური მეთვალყურეობს. ერთი ჰექტარის მორწყვა ჩვენთან 75 ლარი ღირს. რწყვისას ზოგს 1 კილომეტრზეც მიჰყავს წყალი, ზოგს კი ვენახიდან 10 მეტრში ჩაუდის არხი. ამიტომ ზოგი მეტად წვალობს, მეტი დრო და თანხა ეხარჯება, ზოგს - ნაკლები.
ამას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ საქმეს რიგითობაც ართულებს. ზოგი ჰექტარობით ვენახს რწყავს, რწყვა შეიძლება კვირაობით გაუგრძელდეს, ასეულობით ის მევენახე კი, რომელსაც მხოლოდ ათეულობით ვაზის მწკრივი აქვს, თავის რიგს რომ დაელოდოს, ვენახი ხელიდან წაუვა."
გია ოზგელდაშვილი, სოფელი მანავი: "მადლობა ღმერთს, წელს ტენიანი ზაფხულია, ვენახს ნაკლებად უჭირს, მაგრამ წინ კიდევ თვე-ნახევარია და შეიძლება ისეთი გვალვები დაიჭიროს, მტრისას! ზოგს მორწყვის ფული არა აქვს, რომ ქვითარი აიღოს, დგას შარვალაკაპიწებული და ცას შეჰყურებს, ეგება გაწვიმდესო. წვიმის შემდეგ რიყე-ხევებმა მოვარდნა იცის. ბუნების ნაჩუქარი წყალი უფასოა და გლეხიც ცდილობს, ამ წყლით იოლად გავიდეს - რუს გაჭრის და წყალს ვაზს მიუგდებს."
გია მასურაშვილი, სოფელი კაკაბეთი: - ხალხი ბევრს წვალობს. სოფლის წყალშემკრები სათავეები მოწესრიგებული არ არის, ნიაღვრები სარწყავ არხებს აფუჭებს და გამუდმებით შეკეთება სჭირდება. ჩვენს სოფელს დღემდე გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. ივრის ჭალებს, სადაც ჩვენი მოსახლეობის ძირითად ნაწილს აქვს ვენახები, იორი გვერდს უვლის. თითოეულ ვაზის ძირთან წყლის არხებით მიყვანა რთულია. აქ რომ ევროპა იყოს, ერთი მცირე ჰესი მდინარეზე ჩვენს პრობლემებს მოაგვარებდა. ზოგს სულაც ელექტროვენახები ჰქონია - მორწყვას ელექტროდანადგარები ასრულებსო. იმედია, ჩვენთანაც მალე მოვა ეგ დრო."
სოსო ამბარდნიშვილი, სოფელი ბადიაური:
"ყველაზე მეტად წყალი ახალგაზრდა ვაზს უჭირს, მაგრამ აქაოდა, წყალი პატარისააო, ზოგიერთი მევენახე ამით სარგებლობს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს თავის მამულს. წყურვილის მოკვლა სხვა არის და დარწყულება - სხვა. ძალიან გვჭირდება სპეციალისტების აგროკონსულტაციები, რომ სწორი ინფორმაცია მოგვაწოდონ ვაზის რწყვასთან დაკავშირებით, რათა დრო თანაბრად გადანაწილდეს მსხვილ და მცირე მემამულეზე.
სიცხეები რომ ჩამოვარდება, ყველას მაშინ ახსენდება, რომ ვენახი მოსარწყავი აქვს, არადა, ამ პროცესის დაწყება გაზაფხულზევე შეიძლება.
არის ადგილები, სადაც გადამეტებული რწყვა შაქრიანობას დაბლა სწევს, ზოგან ყურძნის ხარისხი ეცემა, ზოგან კი საერთოდ არ სჭირდება მორწყვა. უმჯობესია, ვენახები ადრევე მოირწყას, ვაზმა მიწაში დაიმარაგოს წყალი და ბუნებრივად გამოიზოგოს.
არის წყლისგამტარიანი ადგილები, სადაც წყალს ვერ დაიჭერ. ვენახს წყლის შესაკრები აუზი არა აქვს და წყალს ნაკლებად იმარაგებს. მოკლედ, ყველას ივლის-აგვისტოში უნდა ვენახის მორწყვა, არადა, შეიძლება სწორად დაგეგმილ ვადებში ჩაიაროს ამ პროცესმა და ორი თვის მაგივრად ხუთი-ექვსი თვე გაგრძელდეს"."
კახა მჭედლიშვილი