"მსგავსი ოპერაციები მსოფლიოშიც იშვიათია" - საქართველოში 5 წლის ბავშვს უნიკალური ოპერაცია გაუკეთეს
საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე 5 წლის ბავშვს, ქალა-ტვინის ოპერაცია გაუკეთდა და ახლა რეაბილიტაციას გადის.
ჰიდროცეფალია, ანუ წყალმანკი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა. დაავადების დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.
როგორც ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, დიაგნოზის გამო ბიჭს სიარული და ჯდომა არ შეეძლო, ოპერაციის შემდეგ კი მას ფეხებში გრძნობა დაუბრუნდა, დაჯდომაც შეძლო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.
5 წლის პაციენტს ნეიროქირურგებმა ოპერაციული ჩარევით სითხე ამოუღეს და ამასთან ერთად, თავის ქალის მოცულობა 32%-ით შეუმცირეს (ჰიდროცეფალიის გამო, ბიჭის თავის ზომა ორჯერ აღემატებოდა ასაკის შესაბამის ნორმას).
გიორგი გეგიას თქმით, მსგავსი ოპერაციები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათია. ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება. შედეგად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 3D პრინტერის მეშვეობით შეიქმნა ბავშვის თავის ქალის ანალოგი, რომელზეც ნეიროქირურგებმა სატესტო ოპერაცია ჩაატარეს.
ინოვციების და ტექნოლოგიების სააგენტო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მენეჯერი, ივანე ნაზღაიძე განმარტავს, რომ 3D პრინტერით თავის ქალის ანალოგის შექმნა რთული და საპასუხისმგებლო პროცესი იყო, რომელსაც ჯამში 80 საათი დასჭირდა.
ნაზღაიძის თქმით, პროცესი კომპლექსური იყო - ბავშვის თავის ქალის ტომოგრაფიის მოდელი დამუშავდა, დარბილდა, ზედმეტი ნაწილები მოშორდა, დიდი მოცულობის გამო 8 ნაწილად დაიჭრა და ისე ამოპრინტერდა. საბოლოოდ, ხელოვნური მოდელიც შეიქმნა.
"3D პრინტერით შექმნილი თავის ქალა გამოიყენეს იმისთვის, რომ ბავშვისთვის გასაკეთებელი ოპერაციის მოდელირება ამ ნიმუშზე მოეხდინათ, რადგან ამ დროს მშვიდად ხარ, არ გეჩქარება, სისხლი არ იღვრება და დარწმუნებული ხარ, რომ რაიმე უბედურება არ მოხდება. გაგრძელება