50 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში 23 ივლისს ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რადგან მეხანძრეებს ძლიერი ქარის გამო საშუალება არ ჰქონდათ ცეცხლს გამკლავებოდნენ.
ამ დროის ინფორმაციით დაიღუპა 50 ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 16 ბავშვია. ამის შესახებ BBC წითელ ჯვარზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, კიდევ 26 დაღუპული დღეს დილით საკურორტო რაიონის, მატის პლიაჟთან აღმოაჩინეს.
ასევე მიმდინარეობს ათი ტურისტის ძებნის ოპერაცია. ადგილზე მაშველები და სახანძრო სამსახური მუშაობს.
საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, დიმიტრის ძანაკოპულოსის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, უმეტესობა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ სიტუაცია ტყის ხანძართან დაკავშირებით კონტროლიდან გამოვიდა. მისივე თქმით, 24 ივლისის ღამე ძალიან რთული იქნება.
საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, "ცხელი ხაზის" მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
"ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია "ცხელი ხაზის"; მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება", - ნათქვამია მიმართვაში.
იხილეთ ვიდეო