"საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება, ინტენსიურად ვეძებთ" - რას ამბობს საბერძნეთში საქართველოს ელჩი
საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ვეძებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ტყის ხანძრის შედეგად დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის ჰოსპიტალიზებულთა სიაში.
"დღეს დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა სიაში. ჩვენ დილითაც გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაგვიდასტურეს, რომ ასეთი მონაცემები ჯერ არ აქვთ. ცხელ ხაზზე 5 შეტყობინებაა შესული, სამ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ორი პირია, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ინტენსიურად ვეძებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი შედარებით ლოკალიზებულია და სიტუაციის გაუმჯობესების იმედია. ვიმოქმედებთ ვითარების შესაბამისად", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა.
ესპანეთი საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ორ თვითმფრინავს აგზავნის. ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების თანახმად, "ორი თვითმფრინავი-ამფიბია Canadair გაგზავნილია საბერძნეთში, რათა დაეხმაროს ტყის ხანძრის ჩაქრობაში".
"საშინელი ამბები მოდის საბერძნეთიდან. ესპანეთმა უკვე აამოქმედა სამოქალაქო თავდაცვის ევროპული მექანიზმები. სოლიდარობას ვუცხადებ ბერძენ ხალხს", - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.