"მოზარდებს ერთ ბინაში მივაგენით, სადაც, რიტუალებს ატარებენ... მითხრეს, ბიბლიის მეორე მხარეს ვსწავლობთო..."
თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი, როგორც "მორგის" ბავშვები, ამის შესახებ საუბარია "საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების კვლევის" შედეგებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარდა და რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის.
"თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც "მორგის" ბავშვები). ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება, როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან", ნათქვამია კვლევა. იხილეთ სრუალდ
ამ საკითხზე "კვირია პალიტრამ" არაერთი სტატია მოამზადა. გთავაზობთ მასალას არქივიდან:
"ამ რამდენიმე ხნის წინ, თბილისში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა უამრავი ფსიქოტროპული აბი დალია... ოჯახის წევრები მოზარდს კარგა ხანს ეძებდნენ და ბოლოს ერთერთ რაიონში მიაკვლიეს... მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შსსმ საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით აღძრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სექტანტებთან ჰქონდა კავშირი. ჩვენ დავუკავშირდით მის ახლობელს, რომელმაც მიაკვლია სექტას, სადაც, ძირითადად, მოზარდები არიან გაწევრებული, შეხვდა და გაესაუბრა მის წევრებსა და ლიდერს. ისინი ქალბატონს საიდუმლო ბიბლიის შემსწავლელებად გაეცნენ...
თათია გლოველი: - თავდაპირველად, ბავშვს ვერის სასაფლაოზე, შემდეგ კი სასტუმრო "რედისონის" ქვეშ არსებულ ჯურღმულში ვეძებდით, სადაც ენით აუწერელი ანტისანიტარია დაგვხვდა. ეს ბავშვები არ არიან ბომჟები, ჩვეულებრივი მოზარდები არიან და ამ კანალიზაციაში (სხვას ვერაფერს ვუწოდებ) იკრიბებიან სვამენ, ხელებს ისერავენ, ყელს სჭრიან კატებს... მათმა ლიდერმა გვითხრა, ამას პატარები აკეთებენ, რათა ძლიერება დაგვიმტკიცონო. შემდეგ მივაგენით ბინას ნაძალადევში, სადაც, როგორც მითხრეს, რიტუალებს ატარებენ.
ბინაში ყველაფერი შავია კედლები, ფარდები. იქ ორი გოგონა და სამი ბიჭი დაგვხვდა შუშის თვალებით. გვითხრეს, რომ ბიბლიის მეორე მხარეს სწავლობენ, ანუ საიდუმლო ბიბლიის შემსწავლელები არიან. ერთმა გოგონამ მითხრა, ოჯახის მიმართ აგრესია გამიჩნდა, რადგან მშობლებმა მერვე კლასში სასულიერო სკოლაში გადამიყვანესო. მეორე გოგონამ, ჩემი იმიჯის გამო ხალხი მაქილიკებსო, არადა, არაფერი ჰქონდა უცნაური, გარდა იმისა, რომ ყურთან თმა ჰქონდა ზედმეტად აჭრილი...
სრული შოკი იყო, როცა ერთმა ულამაზესმა ბიჭმა მითხრა, სტიქაროსანი ვარ, უბრალოდ, ბიბლიის მეორე მხარე მაინტერესებსო. წარმოიდგინეთ, როგორი გაორება აქვს ბავშვს? თვალში მომხვდა კედელზე მიყუდებული ამოტრიალებული ჯვარი. მერე მე და ჩემმა მეგობარმა დაკარგული ბავშვის ფოტო ამოვიღეთ, მათმა ლიდერმა კი რიტუალი ჩაატარა ჯერ სანთელს კბილებით თავი მოაგლიჯა და გადმოაფურთხა, მერე ჩემს მეგობარს ხელი ჩასჭიდა და კანკალი დაიწყო, გვითხრა, ბავშვი არც ამ ქვეყნისაა, არც იმ ქვეყნის, გათიშულიაო. სექტის ლიდერი 22 წლამდე იქნებოდა, დანარჩენები მასზე უმცროსები იყვნენ. ბავშვებს შავი ტანსაცმელი ეცვათ, კოჭთან სამკუთხა, რაღაც სატანური ნიშნები ეხატათ. ვეხვეწებოდი, ბავშვებო, ასეთი საინტერესოა ცხოვრება და მშობლების ჯიბრზე როგორ შეიძლება სული გაყიდოთ-მეთქი.
- ხელებს რატომ ისერავენ?
- ტკივილს იყენებენ და სიამოვნებთ, მერე მათი დასერილი ხელებიდან სისხლს ლიდერი სვამს. გვითხრეს, რომ მოგვიშუშდება, ხელმეორედ ვისერავთო.
ლიდერმა გვითხრა, სისხლის დალევა ძალას მმატებსო. ამას გვეუბნება ულამაზესი ბიჭი, მშვიდი და კმაყოფილი სახით. ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, ხომ შეიძლება სისხლით რაიმე დაავადება გადაგედოსო? არა, ვამოწმებთო, უპასუხა. ბევრი ბავშვი თვითმკვლელობას მიმართავს, მათი რწმენით, ამით ეშმაკს ემატება ძალა ("ძალას ემატება ძალა" ასე ამბობენ). ბავშვი თუ განათლებულია და ორატორული ნიჭიც აქვს, მას ლიდერად ზრდიან, სუსტი ნებისყოფის ბავშვებს კი მსხვერპლად წირავენ, რათა "ძალა შეემატოს იმ დიდ ძალას". გაგრძელება