"მძიმე კითხვები დავუსვით კვირიკაშვილს" - რას ჰყვება ივანიშვილი შეხვედრაზე, რომლის მერეც კვირიკაშვილი წავიდა?! - კვირის პალიტრა

"მძიმე კითხვები დავუსვით კვირიკაშვილს" - რას ჰყვება ივანიშვილი შეხვედრაზე, რომლის მერეც კვირიკაშვილი წავიდა?!

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ, მედიასთან პირველად გამოჩნდა და ინტერვიუ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა.

მასთან ინტერვიუ გადაცემისთვის "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" შეკვეთილში ჩაიწერა.

ივანიშვილის თქმით, მისთვის სასიამოვნო არ ყოფილა პოლიტიკაში დაბრუნება.

"იყო ეჭვი იმისა, რომ გუნდი დაშლილიყო, ეს პროცესი იყო დაწყებული, გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა, რომ გუნდის ერთიანობა შენარჩუნებულიყო".

კითხვაზე, რა მოხდა "ქართული ოცნების" შეკრებაზე, რომლის შემდეგაც კვირიკაშვილი გადადგა, ივანიშვილმა უპასუხა:

"კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა, ის ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, პარლამენტი ჩახსნილი იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მთვრობაში არ ხდებოდა გუნდურად მუშობა. მას მინისტრთა კაბინეტში ჰყავდა, მეგობრები, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ისე ჩანდა, რომ კვირიკაშვილი მხოლოდ ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას.

ეს ყველაფერი გუნდზეც აისახებოდა. გუნდს დაეტყო რომ დაშლას იწყებდა. შეხვედრაზე მძიმე კითხვები დავუსვით კვირიკაშვილს, იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესებს შორის, რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა იყოს დაცული, უნდა გავუწიოთ ლობირება, მაგრამ პრემიერს და მინისტრებს, უპირველესად ევალებათ სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, კვირიკაშვილი ცდილობდა გამოსვლას თავისი არგუმენტებით, მას ჰქონდა ამის საშუალება, საბოლოოდ კარგად დაინახა, რომ მას არ ჰქონდა მართვის რესურსი, მას არ დარჩა სხვა არჩევანი გარდა წასვლისა და წავიდა..."

იხილეთ ვიდეო