"ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს ჯერ დასრულებული ბჭობა" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შეკითხვას, თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი."რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი - ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი, ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლა შეიძლება გაიმარჯვოს. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ჭეშმარიტად გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სწრაფად განვითარდეს, მე პოზიცია მაქვს, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. არ დავასახელოთ ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება რომ ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, სამწუხაროდ პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ მხარს, და თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, მაშინ არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი. პოზიცია ძალიან მარტივია, დღეს გამგებლიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრის ჩათვლით მთელი ხელისუფლება ეკუთვნის "ქართულ ოცნებას" ასევე, პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა, სამწუხაროდ ისევე როგორც ეკონომიკა, ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტემბლიშმენტი, ესეც საჭიროებს განვითარებას. ამ ფონზე, ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს, თუმცა ეს ხმები გამოდის და ოპოზიცია ამბობს, ესენი გაკოტრებულები არიან და კაცი არ ჰყავთო, ეს ახლა სასაცილოა. ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ ძლიერი პარტიები და იყოს კონკურენცია, სამწუხაროდ დღეს ასეთი რეალობაა და ამ რეალობას სწორედ ეს მოუხდებოდა, მსჯელობა გრძელდება... ჩემს ამ არგუმენტებს ბევრი იზიარებს, მაგრამ ბევრიც არა, უახლოეს დღეებში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა ივანიშვილმა.