გერმანიაში საქართველოსა და სუდანის მოქალაქეებმა იჩხუბეს - დაშავებულია 4 ქართველი - კვირის პალიტრა

გერმანიაში საქართველოსა და სუდანის მოქალაქეებმა იჩხუბეს - დაშავებულია 4 ქართველი

გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში საქართველოს და სუდანის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ლევან დიასამიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი ქართველი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. მართლაც მოხდა ინციდენტი, ოღონდ არა ბერლინში, არამედ ბრანდერბურგის ფედერალურ მიწაზე მდებარე თავშესაფრის გამანაწილებელ პუნქტში. მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც დაშავდა საქართველოს 4 მოქალაქე. ინციდენტი დაიწყო საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ლევან დიასამიძემ.